ფეხბურთი

14:02 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა "იუვეს" გასახდელში ფინალის შესვენებისას? - ბონუჩი მთავარი (ანტი)გმირის როლში

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ბევრს აწუხებდა ერთი კითხვა: რა დაემართა „იუვენტუსს“ მეორე ტაიმში? - მართლაც უცნაური იყო, „ბებერმა ქალბატონმა“ პირველ 45 წუთში მეტოქეს ტოლი არ დაუდო და აჯობა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში მეტად სუსტი ფეხბურთი აჩვენა.

ამასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში იტალიურ მედიაში ახალი ცნობები გაჩნდა. ანუ, რა მოხდა „იუვეს“ გასახდელში? - თუ აპენინელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, შესვენებაზე ტურინული გრანდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს. კერძოდ, ლეონარდო ბონუჩი მასიმილიანო ალეგრის კატეგორიულად სთხოვდა ანდრეა ბარძალის მოედნიდან გაყვანას და მის ნაცვლად ხუან კუადრადოს შეყვანას. გარდა ამისა, ბონუჩის სიტყვიერი შელაპარაკება პაულო დიბალასთანაც მოსვლია, რომელიც ინტერული თამაშისა და მე-12 წუთზე მიღებული გაფრთხილების გამო გაუკრიტიკებია.

ეს იტალიური მედიის ვარაუდია, თუმცა რა მოხდა რეალობაში, ჯერ არავინ იცის. ამასობაში, მომხდარს თავად იტალიელი მცველი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გავრცელებულ ხმებს სრული სიცრუე უწოდა:

„ეს იყო ისეთი შესვენება, როგორც ბევრი სხვა. გასახდელში არაფერი მომხდარა, არ ყოფილა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბოლო დღეებში ჟურნალისტებმა ბევრი სისულელე დაწერეს, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. და თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები საქმეში ჩემი ადვოკატი ჩავრთო! ვიმეორებ, ყველაფერი რაც ითქვა, არის ტყუილი“, - წერს ბონუჩი.

მოკლედ, ლეონარდო ბონუჩის ირგვლივ სკანდალი აგორდა. აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „იუვენტუსი“ 4:1 დაამარცხა, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი, 1:1 იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107344