თამაშგარე

14:47 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოთხილამურე ვანესა მეი

ჯიშ-ჯილაგით ტაილანდელ-სინგაპურელი, სულით და გულით კი ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია მთელს მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს გასდის ყავლი, ვანესა ძველებურად მოთხოვნადი ხელოვანია და მის კონცერტებზე კვლავინდებურად ანშლაგებია.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ვანესა სპორტით, კერძოდ კი სპორტის ზამთრის სახეობებითაა გატაცებული და მისთვის თხილამურებითა თუ ციგურებით სრიალი ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მეტიც – დრო იყო ვანესა მოთხილამურეობას სერიოზულად აპირებდა, მაგრამ როგორც ხედავთ ვიოლინომ გადასძალა. ისე, 2014 წელს მაინც ცადა ოცნების ასრულება და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ტაილანდის სახელით გამოვიდა, თუმცა ეს ამბავი სკანდალით დასრულდა - მიიჩნიეს, რომ ოლიმპიური ლიცენზია კორუფციული გარიგების შედეგად ჰქონდა მოპოვებული და დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს. მოგვიანებით, მისი საქმის ძიება საკმარისი სამხილების არქონის გამო შეწყდა, ისევე როგორც სპორტულ კარიერაზე ვანესას ფიქრი. მაგრამ, როდესაც ზამთარი დგება, ქალბატონი მეი კვლავინდებურად ჩაალაგებს ხოლმე თავის სპორტულ ავლადიდებას მანქანაში და ალპებთან მდებარე სხვადასხვა ფეშენებელურ სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიდის. გაიკეთებს სპეციალურ სათვალეს და მერე კაცი ვერ მიხვდება ვანესა მეია თუ გაღმაუბნელი ნათია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113709