ავტოსპორტი

23:38 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას მეტოქეებს ტექნიკური რეგლამენტი დაემატა

ძნელი სათქმელია, რა მიზეზი ედო საფუძვლად TCR-ის საერთაშორისო სერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, როცა “GE-ფორსს“ და „რომეო ფერარის“, „ალფა რომელ ჯულიეტას“ ძრავის სიმძლავრის შემცირება მოსთხოვეს. ეს სერიის უნგრული ეტაპის წინ მოხდა.

„ჯულიეტა“ ისედაც ყველაზე მცირელიტრაჟიანი (1.7 ლიტრი) და შესაბამისად, სუსტი ძრავით არის აღჭურვილი, მაგრამ მაღალი ბრუნვებით გამოირჩეოდა. ამაზე მეტოქე გუნდები სეზონის დასაწყისიდან წუწუნებდნენ და საწადელს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც დუშან ბორკოვიჩმა ავსტრიაში გამარჯვება (ამ სეზონში მეორე) მოიპოვა. ეგ კი არა, შემდგომი ეტაპისთვის, რომელიც სამ კვირაში გერმანიის ოშერსლებენში გაიმართება, „ჯულიეტა“ ახალი, ნაკლებად წარმადი ტურბო კომპრესორით უნდა იყოს აღჭურვილი. ამის საკომპენსაციოდ კი წონის დაკლებას დაპირდნენ. ამ ყველაფრისთვის ტესტების დროც კი არ რჩება...

ერთიც ვნახოთ და, დათა ქაჯაიამ ან ბორკოვიჩმა კიდევ მოიგეს რბოლა. მერე ალბათ მათ მანქანას შიდაწვის ძრავს საერთოდ ამოაცლიან და მის ნაცვლად პედლებიან მექანიზმს დაუყენებენ.

სხვათა შორის, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა „აუდით“ მოასპარეზე „ქამთუიუ“ და მისი პილოტები - TCR-ის ორგზის ჩემპიონი სტეფანო კომინი და ფრედერიკ ვერვიში. ორივე გუნდის პილოტებმა ამის გამო, კვალიფიკაციის მეორე სესიაზე ასპარეზობის უფლებაც კი ვერ მოიპოვეს. დათამ კვალიფიკაციაზე მე-15 დრო აჩვენა, მას თითო ადგილით კომინი და ბორკოვიჩი ჩამორჩნენ, ვერვიშს კი მე-13 დრო ჰქონდა. ეს მაშინ, როცა კომინი მაქსიმალური ბალასტითაც კი ახერხებდა გამარჯვებისთვის ბრძოლას.

პირველ რბოლაში ქაჯაიამ კარგი სტარტი აიღო და რამდენიმე ადგილით წინ წაიწია. კარგა ხანს მე-10 პოზიცია ეკავა, მაგრამ მე-11 წრეზე (14-დან) მას მატ’ო ჰომოლამ გაასწრო. საბოლოოდ, დათა მე-11 ადგილს დასჯერდა, კომინიმ მის უკან დაასრულა რბოლა. ვერვიშმა და ბორკოვიჩმა ფინიშს ვერ მიაღწიეს. გამარჯვება კი, ადგილობრივი მაყურებლების გასახარად, 18 წლის ატილა ტაშიმ მოიპოვა, ვისთვისაც ეს TCR-ის საერთაშორისო სერიაში პირველი მოგებაა. მანვე მეორე რბოლაშიც გაიმარჯვა და სერიის კლასიფიკაციასაც სათავეში მოექცა.

მეორე რბოლის სტარტზეც ქაჯაიამ კარგი რეაქცია გამოავლინა და რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ წრეს ვერ გასცდა, რადგან მის „ჯულიეტას“ უკანა მარცხენა გვერდში ჟან-კარლ ვერნეის „ფოლკსვაგენი“ დაეჯახა. დათას მანქანა წამში უკონტროლო გახდა და ჯანი მორბიდელის „ფოლკსვაგენს“ დაეჯახა, რომელმაც თავის მხრივ, დანიელ ლოიდის „სეატი“ მოცელა. ეს სამივე მონაწილე რბოლას გამოეთიშა, ვერნეიმ კი ასპარეზობა გააგრძელა. მოგვიანებით, რბოლას ბორკოვიჩიც გამოეთიშა. საბოლოოდ, ცხენის ძალებდაკლებულმა ქართულმა გუნდმა ჰუნგარორინგი უქულოდ დატოვა.

TCR-ის საერთაშორისო სერია

ბუდაპეშტი (უნგრეთი), რბოლა 1 (14 წრე)

  1. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 26:56.484
  2. ნორბერტ მიხელისი (უნგრეთი, ჰონდა) 00.865
  3. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 01.744
  4. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 12.769
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 14.029
  6. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 14.959
  7. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 22.569
  8. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 25.074
  9. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 27.448
  10. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 27.869
  11. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 31.270
  12. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 35.479
  13. გრეგუარ დემუსტიე (საფრანგეთი, ოპელი) 35.893
  14. იენს რენო მოლერი (დანია, ჰონდა) 37.904
  15. დანიელ ნადი (უნგრეთი, სეატი) 39.106
  16. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, კია) 40.742
  17. მარკ იედლოცკი (უნგრეთი, ალფა რომეო) 41.898
  18. მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, აუდი RS 3 LMS) 45.984
  19. ანეტ დიორდი (უნგრეთი, სეატი) 1:10.487
  20. ჩაბა ტოთი (უნგრეთი, სეატი) 1:27.955
  21. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 7 წრე
  22. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 7 წრე
  23. რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 12 წრე
  24. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 12 წრე
  25. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 14 წრე

რბოლა 2 (14 წრე)

  1. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 29:20.272
  2. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 01.861
  3. იენს რენო მოლერი (დანია, ჰონდა) 03.283
  4. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 03.765
  5. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 04.397
  6. ნორბერტ მიხელისი (უნგრეთი, ჰონდა) 04.980
  7. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 05.372
  8. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 06.254
  9. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 12.055
  10. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 17.135
  11. რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 17.400
  12. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 18.505
  13. გრეგუარ დემუსტიე (საფრანგეთი, ოპელი) 21.975
  14. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, კია) 28.923
  15. მარკ იედლოცკი (უნგრეთი, ალფა რომეო) 33.914
  16. იშტვან ბერნულა (უნგრეთი, კია) 38.193
  17. ანეტ დიორდი (უნგრეთი, სეატი) 59.176
  18. ჩაბა ტოთი (უნგრეთი, სეატი) 1:14.998
  19. მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, აუდი RS 3 LMS) 2 წრე
  20. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 3 წრე
  21. დანკან ენდი (აშშ, სეატი) 6 წრე
  22. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 6 წრე
  23. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 14 წრე
  24. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 14 წრე
  25. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 14 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ატილა ტაში - 151 ქულა; 2. რობერტო კოლჩაგო - 145; 3. ჟან-კარლ ვერნეი - 138; 4. სტეფანო კომინი - 126; 5. პეპე ორიოლა - 109; 6. დუშან ბორკოვიჩი - 82; 7. ჯეიმს ნაში - 74; 8. დავით ქაჯაია - 59; 9. ფრედერიკ ვერვიში - 53; 10. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) - 46; 11. მატ’ო ჰომოლა - 45...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181713