ბლოგი

10:58 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა!

ეს სათაური შემთხვევით და მხოლოდ ხატოვნებისთვის ნამდვილად არ შემირჩევია. დიახ, გასულ სამშაბათს ჩვენი საკალათბურთო ნაკრების აწ უკვე ლეგენდარულმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ არა მხოლოდ პირადად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის წოდება, არამედ სახელი მთელ ჩვენს ქვეყანას გაუთქვა და ყველას დაუმტკიცა, რომ ქართული საკალათბურთო სკოლა არავისზეა ნაკლები და ჩვენშიც შეიძლება დიდი ჩემპიონები დაიბადონ და გაიზარდონ.

ერთი სიამოვნებაა ამ დღეების განმავლობაში მსოფლიოს სპორტული გამოცემების კითხვა. განსაკუთრებით კი რუსული ვებ-გვერდებისა, სადაც ზოგიერთი ჩვენი “კეთილმოსურნე” აშკარად ვერ მალავს ღვარძლსა და ბოღმას ზაზას ესოდენ დიდი წარმატების გამო. მით უმეტეს, დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები ასე ძალიან სჭირდებათ და საქართველოს დადებითი კუთხით იმიჯის წინ წამოწევა ხომ ცალკე დიდი და უმაგრესი ამბავია! ზაზას მთელი საქართველოსგან მადლობა თუნდაც მხოლოდ ამის გამო ეკუთვნის.

ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” გადავიდა და ამერიკის საკალათბურთო საზოგადოებისთვის გასაკვირად,არც ისე დიდ ხელფასზე დათანხმდა (თან ისე, რომ ფინანსურად ბევრად მაცდუნებელ წინადადებებზე თქვა მტკიცე უარი), მსოფლიოს არაერთი საკალათბურთო მიმომხილველი წერდა, რომ ზაზა ფაჩულია სპორტსმენთა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელთათვისაც ფულზე მეტად მნიშვნელოვანი სპორტული კარიერა და ამ კარიერაში წარმატებების მოპოვებაა. “გოლდენ სტეიტი”, ცხადია, ძალიან მაგარი კლუბია და ჩემპიონობის შანსი ბევრად მეტი ჰქონდაყველა იმ კლუბზე, სადაც ზაზას აქამდე უთამაშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესოდენი კონკურენციის პირობებში ზაზა ფაჩულიას წარმატების არანაირი გარანტია არ ჰქონდა. ნამდვილი სპორტსმენის გადაწყვეტულება შესანიშნავად დაფასდა და უკვე თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ: ჩვენი ნაკრების კაპიტანი დიდი, უდიდესი ჩემპიონია! ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში ალბათ თაობებს გადაეცემათ.

გასულ ზამთარს, როდესაც “ოლ სტარში” ფაჩულიას მოსახვედრად მთელი საქართველო დაირაზმა და ამ გზით ვცდილობდით ჩვენი კაპიტნისთვის დახმარების გაწევას, საქართველოშიც და ამერიკაშიც,სამწუხაროდ,აღმოჩნდნენ “ობიექტურობის მამები”, რომლებიც იძახდნენ, რომ სპორტსმენისთვის ამ გზით დახმარება არასწორი და ხელოვნური იყო, რაც საკუთრივ “ოლ სტარის” ფენომენს (მაინც რას ნიშნავს, ქართველი ამერიკის “ოლ სტარის” ხარისხზე რომ ზრუნავს) აკნინებდა. ეს დამოკიდებულებები უსამართლო თუნდაც იმიტომ იყო, რომ ზაზა ფაჩულია თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ალალად იმსახურებდა ხალხის მხარდაჭერასაც და საუკეთესო ვარსკვლავებს შორის თამაშსაც, მაგრამ არამკითხეობამ და აღმართის მხვნელმა ძალამ მაშინ თავისი მაინც გაიტანა და სამწუხაროდ ფაჩულია “ოლ სტარში” ვერ ვიხილეთ. მაგრამ, ახლა ვიღას ახსოვს გასული ზამთრის დარდები, როდესაც ზაზა ფაჩულიამ მსოფლიოში ალბათ ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ტიტული დამსახურებულად მოიპოვა და მისი მოკრიტიკეები ისე კოხტად მიაჩუმა, თქვენი მოწონებული!

ისიც სიმბოლური ამბავია, რომ ზაზა ფაჩულია აფხაზეთიდანაა. ზაზა ფაჩულია ქართველია და ჩვენი ნაკრების კაპიტანია! ზაზა დიდი და ღირსეული კაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის არც ძალას იშურებს და არც ნიჩაბის ქნევას იზარებს, როდესაც ეს ქვეყანასსჭირდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი კაპიტანი გვყავს!ზაზა ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112812