ფეხბურთი

10:00 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმამ "მილანს" ზურგი აქცია

თინეიჯერი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა „მილანში“ დარჩენას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ სპორტულმა დირექტორმა მარკო ფასონემ ოფიციალურად დაადასტურა.

„მე მქონდა შეხვედრა დონარუმას აგენტთან. მან თქვა, რომ დონარუმა „მილანთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც ფეხბურთელმა მიიღო.

ჩვენ გვქონდა შეთავაზება ჯიჯოსთვის, რადგან გვსურდა მისი შენარჩუნება, მაგრამ თავად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ფასონემ.

ჯანლუიჯი დონარუმას „მილანთან“ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, „სან სიროს“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდშივე დატოვებს. როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი შანსი მადრიდის „რეალს“ აქვს, რომელთანაც მინო რაიოლა მოლაპარაკებებს უკვე მართავს. მეორე ვარიანტად კი, ტურინის „იუვენტუსი“ სახელდება.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ დონარუმას დამდეგი სეზონის გატარება „მილანში“, ოღონდ დუბლშემადგენლობაში მოუწიოს...

დონარუმა „მილანის“ პირველ გუნდში 2015 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მაღალ დონეზე თამაშით საფეხბურთო სამყაროს ყურადღება უმალვე მიიპყრო. სხვათა შორის, ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში მას ახალი მეტსახელი მოუფიქრეს: "დოლარუმა"...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133728