ძიუდო

13:21 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური სიახლე - გუნდური ძიუდო ახალი ფორმატით

თუკი აქამდე, ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მედლები მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში თამაშდებოდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამას ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრებაც ემატება.

ეს იქნება ქალთა და მამაკაცთა გაერთიანებული გუნდების ტურნირი, რომლის ფორმატიც უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მინიმუმ 12 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება, 6-6 სპორტსმენით. მამაკაცებში 73, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში 57, 70 და +70 კილოგრამებში.

გუნდურ პირველობაში მონაწილეობას მხოლოდ ის ძიუდოისტები მიიღებენ, რომლებსაც ინდივიდუალური ოლიმპიური ლიცენზია ექნებათ. ასევე ინდივიდუალური მაჩვენებლების ჯამით გამოითვლება გუნდური რეიტინგები და 4 საუკეთესო ნაკრები განითესება.

ძიუდოისტთა გუნდური ტურნირისთვის ოლიმპიადაზე ერთ საშეჯიბრო დღეს გამოყოფენ. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც, თუკი შეხვედრა ფრედ (3:3) დასრულდება, გამარჯვებულად ის ნაკრები გამოცხადდება, რომელსაც უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის გდებები დაუგროვდება. ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც ფრე დაფიქსირდება, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრების ხანგრძლივობის ჯამური დროის გათვალისწინებით მიიღებენ.

სეოკ-ის გადაწყვეტილებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია უმალ გამოეხმაურა. ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყი და ბედნიერია, რადგან ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძიუდოს შემდგომ განვითარებას.

ოლიმპიურ პროგრამაში გუნდური ძიუდოს შეტანა საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესი სიახლეა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქალთა ნაკრები საერთაშორისო არენაზე წარმატებებს ვერ აღწევს, სიტუაციის სწრაფად გამოსასწორებლად და ტოკიოს ოლიმპიადამდე მინიმუმ ოლიმპიური წონითი კატეგორიების გასაძლიერებლად, შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი ძლიერი უცხოელი ძიუდოისტების ნატურალიზება იყოს. ქალთა ძიუდოს განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ერთით მეტი მედლის მოპოვების რეალური შანსი მიეცემა.

0.111869