ფეხბურთი

10:50 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოლდოვასთან (2:2) დაფიქსირებულ შედეგს სამართლიანს უწოდებს. როგორც მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკმა სპეციალისტმა თქვა, საქართველოს ნაკრების მიზანი პირველ ტაიმში გოლის არგაშვება იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო თამაში სამი ცენტრალური მცველით.

„გულშემატკივარმა საინტერესო, გახსნილი ფეხბურთი იხილა - თამაში ორ ნაწილად დაიყო. პირველ ტაიმში მოლდოვამ ორი შეცდომა არ გვაპატია, ხოლო მეორე ნახევარში სრულიად განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ შეტევაში, რამაც შედეგი გამოიღო. მეტოქე დაღლილი გახლდათ და ამიტომ, ჩვენ ტემპი გავზარდეთ. ჯგუფში მდგომარეობა უცვლელი დარჩა: მოლდოვა ბოლო ადგილზეა, საქართველო მის წინ. მეორე ტაიმში გვქონდა მომენტები და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია - ვითამაშეთ რიგ შემთხვევებში კარგად და ასევე გვქონდა ბევრი ხარვეზი, რომელიც გამოსაწორებელია. მოლდოვას 2-3 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ჩვენ კი - 6. თუმცა, ეს არაა საბაბი, მწვრთნელი ყოველთვის პასუხისმგებელია შედეგზე.

დიახ, მსაჯი შეცდა - ბურთმა დაახლოებით 20 სმ-ით დატოვა მოედანი, მაგრამ მსაჯებიც ადამიანები არიან და ცდებიან, ისევე როგორც ფეხბურთელები და მწვრთნელები. სამწუხაროა, რომ ეს შეცდომა ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა.

არ გვსურდა, რომ პირველ ტაიმში გოლი გაგვეშვა, ამიტომაც სამი მცველით დავიწყეთ თამაში. ვიცოდით, რომ მოლდოვას მეორე ტაიმში ფიზიკურად გაუჭირდებოდა, რადგან ფლანგის ორი მოთამაშე ასაკოვანი ჰყავდა. თუმცა, შესვენებამდე ორი გოლი გავუშვით - ასეც ხდება, როდესაც დაცვით სტილს მოაქვს პრობლემები, როგორც ეს პირველ ტაიმში მოხდა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, ჯანო ანანიძე ძალიან გვაკლდა“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 3 ფრითა და 3 მარცხით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104014