ავტოსპორტი

3:09 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ პირველი დუბლი

ლუის ჰამილტონი კანადის დიდი პრიზის მეფეა! ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ტრეკზე, თავის კარიერაში პირველი პოული და პირველი რბოლა მოიგო. და ამ ათ წელიწადში მეექვსედ ავიდა კანადური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. რაც მთავარია, დღევანდელი გამარჯვებით, 12 ქულით შეამცირა ჩამორჩენა ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან.

ორი კვირით ადრე, მონაკოს რბოლაში, პირველი ორი ადგილი „ფერარის“ პილოტებმა დაიკავეს, მონრეალში კი „მერსედესმა“ დუბლითვე უპასუხა. ჰამილტონმა 19.7 წამით აჯობა მეორეზე გასულ თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს და კარიერაში 56-ე გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი კი, მონაკოს მსგავსად, დანიელ რიკარდომ დაიკავა, ვინც დაჯილდოების შემდეგ, საკუთარი ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევით, მაყურებელი კვლავ გაახალისა.

„ჩემი პირველი პოული და პირველი გამარჯვება აქ, 10 წლის წინათ მოვიპოვე. დღეს ეს მიღწევა გავიმეორე, რისთვისაც მინდა, გუნდს მადლობა გადავუხადო. ბიჭებმა ქარხანაში ბევრი იმუშავეს, რათა წინა რბოლის ხარვეზი გამოესწორებინათ“, - განაცხადა ბრიტანელმა.

ის ფეტელთან ჩამორჩენას უფრო მეტი ქულითაც შეამცირებდა, რომ არა გერმანელის თავგანწირული გარჯა რბოლის მიწურულს. ჩემპიონატის ლიდერს სტარტზე მანქანის წინა ფრთის ნაწილი დაუზიანდა, რის გამოც, პიტლეინზე ადრევე მოუწია შესვლამ. იქიდან გამოსული კი პელოტონის უკან აღმოჩნდა. მაგრამ მან თითქმის შეუძლებელი შეძლო, ბოლო წრეებზე „ფორს ინდიას“ ორივე პილოტი ჩამოიტოვა და კიდევ რამდენიმე წრე რომ დარჩენილიყო, იქნებ კვარცხლბეკსაც მისწვდომოდა.

არ გაუმართლა მაქს ფერსტაპენს, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში მეორე შევიდა. მაგრამ მე-11 წრეზე ტექნიკამ უმტყუნა და ასპარეზობა შეწყვიტა. სხვათა შორის, ფეტელის მანქანა სწორედ მან დააზიანა, როცა მარცხენა მოსახვევში გერმანელს გარე რადიუსიდან ასწრებდა.

ფერსტაპენის ბედი რბოლის მიწურულს ფერნანდო ალონსომაც გაიზიარა, ვისაც ამ სეზონში პირველი ქულების მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ამის საშუალება „ჰონდას“ ძრავის დაზიანებამ არ მისცა. ვერც მისმა თანაგუნდელმა სტოფელ ვანდოორნმა იხეირა და „მაკლარენი“ ისევ უქულოდ დარჩა. სამაგიეროდ, პირველი ორი ქულა ჩაიწერა ლანს სტროლმა, ვინც საშინაო რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, ჟილ ვილნევის სახელობის ტრეკი, დისტანცია 305.270 კმ (4.361კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33:05.153
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +00:19.783
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:35.297
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:35.907
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:40.476
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 00:40.716
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:58.632
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 01:00.374
  9. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  15. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე

16გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 4 წრე

გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 15 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 60 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 70 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 70 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:14.551, 64-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 141 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 129; 3. ვალტერი ბოტასი - 93; 4. კიმი რაიკონენი - 73; 5. დანიელ რიკარდო - 67; 6. მაქს ფერსტაპენი - 45; 7. სერხიო პერესი - 44; 8. ესტებან ოკონი - 27; 9. კარლოს საინსი - 25; 10. ფელიპე მასა - 20; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 12. რომენ გროჟანი - 10; 13. კევინ მაგნუსენი - 5; 14. პასკალ ვერლაინი - 4; 15. დანილ კვიატი - 4; 16. ლანს სტროლი - 2

კონსტრუქტორეთა თასი

1. მერსედესი - 222 ქულა; 2. ფერარი - 214; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 112; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 71; 5. ტორო როსო-რენო - 29; 6. უილიამს-მერსედესი - 22; 7. რენო - 18; 8. ჰაას-ფერარი - 15; 9. ზაუბერ-ფერარი - 4; 10. მაკლარენ-ჰონდა - 0

0.223011