ფეხბურთი

11:30 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: მცდარი ტაქტიკა, შემადგენლობა და გათვლა

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთანაც იგივე სცენარით ითამაშა, როგორც ბოლო პერიოდში დაგვაჩვია - 45 წუთი ფეხბურთი. გაუგებარია, რა ერქვა იმას, რასაც „ჯვაროსნები“ კიშინიოვში, პირველ ტაიმში აკეთებდნენ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი იყო კარგი.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად თამაშის შემდეგ წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს 10 ქულიანი სისტემით. ამჯერად საუკეთესო ნიკა კვეკვესკირი იყო.

გიორგი მაკარიძე 5.5 - მაკარიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ოფიციალურ მატჩში კარგა ხნის პაუზის შემდგომ მოირგო. თუმცა, დაბრუნება მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ გამოუვიდა. გაშვებულ გოლებში მისი ბრალეულობა ძნელი დასანახია, ერთ-ორ ეპიზოდში კი, კარგი სეივი შეასრულა. გარდა ამისა, ერთხელ გამოსვლაზე ვერ იყო დამაჯერებელი და ლამის დავისაჯეთ...

უჩა ლობჟანიძე 4 - მოედანზე 35 წუთი გაატარა და შემდეგ ტრავმა მიიღო. ყველაზე მეტად რისი თქმაც მასთან მიმართებაში შეიძლება არის ის, რომ მის გარეშე საქართველოს ნაკრებმა ბევრად ეფექტური ფეხბურთი ითამაშა.

სოლომონ კვირკველია 5 - გამოცდილი ქართველი მცველის დღე ნამდვილად არ ყოფილა. კვირკველიამ ძალზე სუსტად ჩაატარა პირველი ტაიმი და შეიძლება ითქვას, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ორივე გაშვებულ გოლშიც დანაშაული მიუძღვის, რადგან დროულად ვერ მოასწრო შემტევების გადაკეტვა.

გურამ კაშია 5 - არც ვიცე-კაპიტანს უთამაშია იდეალურად. გურამმა შეხვედრა ცენტრალურ მცველად დაიწყო და მარჯვენა ფლანგზე დაასრულა. დაცვაშიც ჰქონდა ბევრი ხარვეზი და არც ფლანგიდან შეუწუხებია დიდად მოლდოველი ოპონენტები.

ჯიმი ტაბიძე 5.5 - თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა მცველი პირველ ნაბიჯებს დგამს ეროვნულ გუნდში, მისი გამოცდილი პარტნიორების ფონზე აქტიური იყო. დაცვაშიც ბევრჯერ არ შემცდარა და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. ვაკო ყაზაიშვილის გოლის დროსაც მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ და ბურთს გარკვეულწილად მან შეუცვალა მიმართულება, სანამ ვაკო საგოლედ დაარტყამდა.

გიორგი ნავალოვსკი 5 - დრო გადის, თუმცა ნავალოვსკის თამაში არ იცვლება. ტრადიციულად იბრძოლა ბოლომდე, მაგრამ ხარისხობრივად მისი გარჯა უკეთესის სურვილს ტოვებდა. ყოველ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე გამწესებულ თანაგუნდელებთან შედარებით, ბევრად აქტიურად თამაშობდა. აი, მეორე გაშვებული გოლის დროს კი, უკეთ მოქმედება მართებდა.

მურთაზ დაუშვილი 4.5 - საყრდენმა ნახევარმცველმა 45 წუთი ითამაშა, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია. ხშირად კარგავდა ბურთს და ვერც შეტევების დაწყებას უზრუნველყოფდა. შესვენებაზე იგი ვაისმა დამსახურებულად შეცვალა.

ჯაბა კანკავა 5 - კაპიტანი ფორმაში არაა. კანკავას გაცილებით მეტი რომ შეუძლია ეს ძალიან კარგად ვიცით, თუმცა კიშინიოვში მისი დღე არ ყოფილა. დაუშვილისა არ იყოს, იგივე ითქმის მასზე - დაცვიდან ბურთის ამოტანას და შეტევის ორგანიზებას ვერც ჯაბა ახერხებდა. შედარებით გაეხსნა ხელფეხი, როდესაც მოედანზე ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა.

გიორგი არაბიძე 6.5 - არაბიძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნაკრები მხოლოდ მის იმედზე იყო. პირველ ტაიმში თუ რაიმე დასამახსოვრებელი შეიქმნა, ეს გიორგის ორი ჯარიმა იყო. ერთი მეკარემ აუღო, მეორე კარს ასცდა. მეორე ტაიმში ოდნავ ჩრდილში მოექცა, მაგრამ მატჩის ბოლოს შეეძლო გმირი გამხდარიყო - შორეული გასროლა ხარიხამ აისხლიტა, თორემ საქართველოს ნაკრები შეხვედრას მოიგებდა.

ნიკა კაჭარავა 6 - კაჭარავა შეტევაში მარტო მოქმედებდა და ურიგოდ არც უთამაშია. ორჯერ ძალიან ახლოს იყო მიზანთან. ჯერ ოსტატურად მოატყუა მცველი და მცირედით ააცილა, ხოლო 2:2-ზე მეკარესთან პირისპირ გასულმა გადამწყვეტ მომენტში ვერ ივარგა. გარდა საგოლე მომენტებისა, მეორე სართულზე ბევრს იბრძოდა და ცდილობდა, ბურთი შეტევაში მაქსიმალურად დაეჭირა. ერთი ეგ იყო, ხშირად თანაგუნდელები მხარს ვერ უბამდნენ. პირველი გოლის დროს კი საგოლე პასი მიითვალა, როდესაც, მერებაშვილის ბურთი გააზრებულად დაუგდო.

ვლადიმერ დვალიშვილი 4.5 - დვალიშვილმა 65 წუთი ითამაშა, მაგრამ თითქმის უსაქმოდ იყო. ორთაბრძოლებს ხშირად აგებდა და ვერც ზუსტი პასებით გამოირჩეოდა. სანამ ვაისი შეცვლიდა, ერთი წუთით ადრე, კაჭარავას კარგად დაუგდო ბურთი, მაგრამ ტანმაღალმა ფორვარდმა მცირედით ააცილა. ეგ იყო და ეგ, მეტი საქართველოს ნაკრების 9 ნომერს თავი არაფრით გამოუჩენია.

ნიკა კვეკვესკირი 7 - კვეკვესკირს თამაშში ჩართვა ლობჟანიძის ნაცვლად მოუწია. სწორედ მისი გამოსვლის მერე დაიწყო ნაკრებმა ფეხბურთის თამაში. რამდენჯერმე შორიდან დაარტყა და ერთხელ არცთუ ისე დიდი მანძილით ააცილა კარს. მეორე ტაიმში თითქმის ყველა შეტევა მან წამოიწყო და ნათელი იყო, რომ ვაისმა მისი სკამზე დასმით დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც შემდეგ ნაწილობრივ გამოასწორა კიდეც.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - ვაკომ მეორე ტაიმი ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო. მეორე გოლი მის ანგარიშზეა, თუმცა აღვნიშნოთ, რომ გოლის ეპიზოდში ოდნავ გაუმართლა კიდეც. ცდილობდა ინდივიდუალურად ეთამაშა, მაგრამ რამდენჯერმე ამან დათვური სამსახური გაგვიწია და ბურთი დაიკარგა. მიუხედავად გამათაბრებელი გოლისა, კარგი თამაშისა, ცხადია, რომ ყაზაიშვილის ჩვეული ფორმისგან შორსაა.

გიორგი მერებაშვილი 6.5 - მერებაშვილი მოედანზე წამების გამოსული იყო, როდესაც ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მიიღო და ჩინებული გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, გიორგის გოლმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა და „ჯვაროსნები“ თამაშში დააბრუნა. კარგი იქნებოდა, მეტი სათამაშო დრო რომ დათმობოდა, რადგან ფლანგზე მისი გამოყენება მაქსიმალურად შეიძლებოდა.

ვლადიმირ ვაისი 5.5 - ეს თამაში რომ წაგვეგო, სლოვაკი ბევრად დაბალ შეფასებას დაიმსახურებდა, მაგრამ ვაისი თავის შეცდომას მალევე მიხვდა. შეცდომა იყო შერჩეული ტაქტიკური სქემა. 3-4-3-ში ნაკრების თითქმის ვერცერთმა ფეხბურთელმა თავისი თავი ვერ იპოვნა და ამიტომაც იყო, გააზრებული შეტევა არ გვქონია. არც დაცვაში გვითამაშია მწყობრად. სამაგიეროდ, როგორც კი, ნაკრები ნაცად, 4-2-3-1 სქემას დაუბრუნდა, გუნდი ათამაშდა. ჩვენმა მწვრთნელმა ვერც ძირითადი შემადგენლობა გამოიცნო, მაგრამ შეცვლებში კი გაუმართლა - მერებაშვილმა და ყაზაიშვილმა ხომ გოლები გაიტანეს?! კიდევ ერთი ფაქტორი: უცნაური გახლდათ, მოლდოვის ნაკრებთან მეორე ნომრად თამაშის დაწყება და ფრთხილი სათამაშო სისტემა. კარგად გამოჩნდა, როდესაც საქართველო უპირატესობას დაეუფლა, ბევრად მაღალი კლასი. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, თავიდანვე შემტევი ფეხბურთი და პირველად ნომრად თამაში. და ბოლოს, უცვლელი დარჩა ერთი რამ: საქართველოს ნაკრებმა ერთი ტაიმი ჩინებულად, ხოლო ერთიც უსუსტესად ჩაატარა. მთლიანობაში კი, ვაისის მხრიდან სწორი გათვლა ნამდვილად არ იყო, კონტრშეტევებზე თამაშის აგება...

0.113124