ფეხბურთი

12:00 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიგოლ დოლიძე - მაისში საუკეთესო

მაისის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე დასახელდა. ასე გადაწყვიტა WORLDSPORT.GE-ს მკითხველმა. გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” დოლიძემ მოიგო. სხვათა შორის, იგი ეროვნულ ლიგაში მოთამაშეთაგან პირველია, ვინც მკითხველმა თვის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩია.

საბოლოო ჯამში აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 457 ადამიანმა მიიღო და ხმების უმრავლესობა 34 წლის ფეხბურთელს ერგო – 39.8%. დოლიძემ მცირედით აჯობა მეორე პოზიციაზე გასულ გიორგი არაბიძეს - "შახტარის" 19 წლის შემტევმა ხმების 35% დააგროვა.

მესამე პოზიცია 6.3%-ით გიორგი ბერიძეს ერგო, რომელიც სლოვაკურ "ტრენჩინში" ირჯება.

დანარჩენი პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

თორნიკე კაპანაძე - 6.1%

ნიკა კაჭარავა - 5.3%

ბაჩანა არაბული - 4.4%

გიორგი ქვილითაია - 3.1%

შეგახსენებთ წინა თვეების გამარჯვებულებსაც: სექტემბერი – ჯანო ანანიძე, ოქტომბერი – ვაკო გვილია, ნოემბერი, თორნიკე ოქრიაშვილი, დეკემბერი – ლევან მჭედლიძე, იანვარი - ლევან მჭედლიძე, თებერვალი - გიორგი მაკარიძე, მარტი - ჯანო ანანიძე, აპრილი - გურამ კაშია.

ახლა კი,მაისის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

34 წლის ფეხბურთელი მეორე ახალგაზრდობას განიცდის - მაისში მან 6 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა საგოლე პასები არიგა ბლომად. ეს ერთადერთი ბურთი კი, გორის „დილას“ გაუტანა და თან როგორი?! - პირდაპირ კუთხური ჩაახვია. სხვათა შორის, დოლიძემ 2 ივნისს, უკვე „ჩიხურასთან“ მოაწყო შოუ - დუბლი შეასრულა და ორივე სუპერგოლი გაიტანა. ისეთი ნებისმიერ ტურნირს რომ დაამშვენებდა.

გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" საზაფხულო შესვენებაზე გადის. ახალი სეზონის განახლებისთანავე იგი დაბრუნდება ჩვენს ვებგვერდზე და მკითხველი ისევ გამოავლენს თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134507