ფეხბურთი

23:15 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დაუწერელი კანონივით - კარგი და ცუდი ტაიმები

უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი მკვეთრად განსხვავებული ტაიმი უნდა ჩაატაროს. დაუწერელი კანონივით არის. გახსენებაც არ გვინდა (არადა უნდა გავიხსენოთ), თუ რა ხდებოდა შესვენებამდე: ორი ბურთით წავაგეთ და ერთი ხიფათიც კი არ შეგვიქმნია მეტოქის კართან, მეორე ნახევარში კი რადიკალურად შეიცვალა სურათი და საბოლოოდ, 2:2. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველომ ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა.

პირველი ტაიმის დროს შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები გადამტერებული ავი მეზობლებივით იყვნენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და ელემენტარულ სიტუაციაში არ აზღვევდნენ. საერთოდ, ისე თამაშობდნენ, სან-მარინოც რომ არ იკადრებდა.

გაშვებულ გოლებს რაც შეეხება, ჯერ კოჩიუკმა ბექჰემივით ჩააბზრიალა ბურთი, დაცვა კი ცუდად იყო განლაგებული და დასწრებაზე გინსარიმ იმარჯვა. მეორე გოლი კი, ფეხბურთის წესების მიხედვით, არ უნდა ჩათვლილიყო... ანტონიუკი მარჯვნიდან შევარდა საჯარიმოში, ბურთი კი ხაზს გადასცდა. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთის არა, მაგრამ ჰოკეის წესებით გრძელდება თამაში, რადგან შემტევს შეუძლია უკან გააკეთოს პასი, ან სულაც კარს შემოუაროს. მოკლედ, გადასული ბურთი შემოატრიალეს და დედოვმაც ზუსტად დაარტყა - 2:0.

სრულიად მოშლილი იყო ნაკრები და ვის რა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, ვერ გაიგებდი. აი, მეორე ნახევარში კი სურათი შეიცვალა და თანაც, შეიცვალა პირველივე წუთიდან - სამწუთიანი შეტევის შემდეგ, მოლდოველებმა ძლივს განმუხტეს ხიფათი.

არაფერი დაშავდებოდა, ვლადიმირ ვაისს სასტარტოში რომ დაყენებინა ნიკა კვეკვესკირი. ნიკას დიდი დამსახურებაა, რომ მეორე ტაიმში მოლდოვა კარს მიეჯაჭვა, რადგან ბურთის გაკონტროლების შანსი აღარ ჰქონდათ. კვეკვესკირი ჭკვიანურად ანაწილებდა პასებს, ტემპოს არეგულირებდა. სხვათა შორის, მე-80 წუთზე, როცა უკვე 2:2 იყო, კვეკვესკირმა ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი და გადაგვარჩინა...

დავუბრუნდეთ მეორე ტაიმს საწყის პერიოდს. 15 წუთი გამუდმებით ვუტევდით, ერთხელ გადმოვიდა მოლდოვა კონტრშეტევაზე და მაკარიძემ გვიხსნა. საპასუხოდ კი ჩვენების კარგი შეტევა ვიხილეთ, გიორგი არაბიძემ ლადო დვალიშვილს გადააწოდა, რომელმაც ერთი სეხებით დაუგდო ნიკა კაჭარავს, ნიკამ ეღთი მცველი მოატყუა, დაარტყა და ოდნავ ააცილა.

ამ მომენტიდან ორ წუთში კი გიორგი მერებაშვილმა გაქვითა ერთი გოლი: შეცვლაზე შემოსულმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და კუთხეში დაბალი დარტყმით გაიტანა - 2:1. ეს მერებაშვილის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში.

აქტიურად შემოვიდა "მერება" და ასევე გაამწვავა თამაში ვაკო ყაზაიშვილმაც, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ვაკომ გადმოვარდნილ ბურთს ცაცია დაახვედრა, მერე რიკოშეტიც იყო და მეკარე ნამაშკო უძლური გახდა - 2:2. ორივე გოლი პოლონეთის ექსტრაკლასას ფეხბურთელებმა გაიტანეს.

წინ კიდევ 20 წუთი იყო და ველოდით, რომ საქართველოს ნაკრები მოიგებდა. მოლდოველებს თამაშის ხალისი არც ეტყობოდათ, შეტევის თავი არ ჰქონდათ და მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდნენ. 83-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ მიგვატოვა იღბალმა. ჯერ იყო, ყაზაიშვილის კარგ გარღვევასა და პასს კაჭარავას მეკარესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა. იმარჯვა ნამაშკომ... იმავე შეტევისას, ბურთი გიორგი არაბიძეს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დააბზრიალა შორეულ მაღალ კუთხეში და ხარიხამ იხსნა მასპინძლები.

ძელი, ხარიხა, ხარიხა, ძელი - ამ შესარჩევის თითქმის ყველა მატჩში წინ გვეღობება. მეტიც, ევრიოპაში რეკორდსმენები ვართ ამ მხრივ: მეექვსედ მოვარტყით.

არაბიძემ ამჯერადაც კარგად ითამაშა. მართალია, ისე ვერ გამოსდიოდა ყველაფერი, როგორც სენტ კიტსი და ნევისთან, მაგრამ ფაქტია, ნაკრების შეტევებს მრავალფეროვნებას სძენს და დღესაც არაერთხელ აუწეწა ნერვები მეტოქეს.

11 ივნისი. კიშინიოვი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

მოლდოვა - საქართველო 2:2 (2:0)

მოლდოვა: ნამაშკო, ციგარლაში (რაკუ 77), პოსმაკი, ეპურიანუ, ბორდიანი, კარპი (კოჟოკარი 73), ჩებოტარუ, ანტონიუკი, დედოვი, კოჩიუკი (ბუგაევი 73), გინსარი

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე, უ.ლობჟანიძე (კვეკვესკირი 34), ნავალოვსკი, დაუშვილი (ყაზაიშვილი 46), კანკავა, არაბიძე, დვალიშვილი (მერებაშვილი 65), კაჭარავა

გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (66), 2:2 ყაზაიშვილი (70)

გაფრთხილება: ბორდიანი - არაბიძე, კანკავა

მსაჯი: ეკბერგი (შვედეთი)

1. სერბეთი 6 3 3 0 12:6 12
2. ირლანდია 6 3 3 0 8:4 12
3. უელსი 6 1 5 0 8:4 8
4. ავსტრია 6 2 2 2 9:8 8
5. საქართველო 6 0 3 3 6:10 3
6. მოლდოვა 6 0 2 4 4:15 2

0.117515