ფეხბურთი

22:16 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გულდასაწყვეტი ფრე მოდლოვაში

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მოუგებლად გრძელდება – მაჯერად, კიშინიოვში, მოლდოვის ნაკრებთან ვერ მოახერხა ვლადიმირ ვაისის გუნდმა სამი ქულის მოპოვება.

სურათი უცვლელი დარჩა – ორი განსხვავებული ტაიმი, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთი მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. ეს კი, თამაშის მოსაგებად რომ არ კმარა, ძველი ამბავია.

პირველ ტაიმს კოშმარული შეიძლება ეწოდოს – მოლდოველებმა ორჯერ გაგვიტანეს. მე-15 წუთზე რადუ გინშარმა თავით შეაგდო, ხოლო 36-ე წუთზე ალექსანდრუ დედოვმა სხვაობა გაზარდა. ორივე ეპიზოდში დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. აღსანიშნავია, შვედი მსაჯების წარმოუდგენელი შეცდომაც მეორე გოლის ეპიზოდში – სანამ საგოლე პასი გაკეთედებოდა, ბურთმა მოედნის ფარგლები თვალნათლივ დატოვა. საპასუხოდ პირველ ნახევარში საქართველოს არაფერი შეუქმნია.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები შეიტანა თამაშში – როგორც ტაქტიკური, ისე ფეხბურთელების მხრივ და ამან შედეგი გამოიღო. გაცილებით აგრესიული გახდა ჩვენი თამაში, შეტევა. სახიფათო მომენტების შექმნაც დავიწყეთ. ჯერ ნიკა კაჭარავამ ვერ გაიტანა ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში, ხოლო ამ ეპიზოდიდან ორ წუთში გიორგი მერებაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლურსმანივით ჩააჭედა ბურთი კარში – 2:1. სხვათა შორის, გიორგი მოედანზე იმ წუთის შესული იყო.

70-ე წუთზე კი საქართველომ გაათანაბრა – საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ბურთი ვაკო ყაზაიშვილს მიუვიდა და ზუსტად დაარტყა – 2:2. დარჩენილ 20 წუთში მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც: ჯერ ნიკა კვეკვესკირმა გვიხნსა, როდესაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო მერე ერთ ეპიზოდში ორი რეალური მომენტი გვქონდა – კაჭარავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ვერ აჯობა ვიზავის, ეპიზოდი გაგრძელდა და გიორგი არაბიძემ გაისროლა შორიდან, მაგრამ ამჯერად ხარიხამ შეგვიშალა ხელი...

ასე და ამრიგად, 2:2. საქართველოს 6 თამაშში 3 ქულა აქვს და მოლდოვის ნაკრებთან ერთ ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. სხვა სასიკეთო ამ მატჩს არაფერი მოუტანია. სამწუხაროა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ალბათ ყველა თამაშის შემდეგ უკმარისობის გრძნობა გვიპყრობს. თითქოს შეგვიძლია, მაგრამ გამარჯვებამდე მაინც გვაკლდება რაღაც. ეს რაღაც კი, ორივე ტაიმის მაღალ დონეზე ჩატარებაა.

მოლდოვა – საქართველო 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 გინშარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (65), 2:2 ყაზაიშვილი (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117255