ავტოსპორტი

3:43 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის სენსაციური საკვალკიფიკაციო წრე და სენას ჩაფხუტი

ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა - კანადის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მოგებით, მის მიერ კარიერაში მოპოვებული პოულების რაოდენობამ 65-ს მიაღწია, რითაც ბრიტანელმა პილოტმა ლეგენდარული აირტონ სენას შედეგი გაიმეორა.

ჰამილტონმა ზედიზედ მესამედ, სულ კი მეექვსედ შეძლო მონრეალის ჟილ ვილნვის სახელობის ტრეკზე გამართულ კვალიფიკაციაში გამარჯვება და ეს ამ ტრეკისთვის რეკორდულ დროში გააკეთა - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პირველი პილოტია, ვინც კუნძულზე განლაგებულ ტრეკზე, ერთი წრე წუთსა და 12 წამზე ნაკლებში გაიარა.

მის შემდეგ, ეს სებასტიან ფეტელმაც გააკეთა, რომელმაც წრის გავლისას, ერთხელ მცირე შეცდომა დაუშვა და ჰამილტონის შედეგს სულ რაღაც, 0.004 წამით ჩამორჩა. ბოლოს „მერსედესის“ პილოტი ტრეკზე კიდევ ერთხელ გამოვიდა და წერტილი დაუსვა მეტოქეთა ისედაც მიზერულ იმედებს - 1:11.459.

„ეს სექსუალური წრე იყო. ეს დიდებული წრე იყო. არც მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო. წრის გავლისას სულ დამავიწყდა, რომ ეს ჩემი 65-ე პოული იქნებოდა. ეს სრულებით აღარ მახსოვდა“, - ყვება ჰამილტონი, ვისაც სამი კვალიფიკაციის მოგებაღა დარჩა მიხაელ შუმახერის რეკორდის (68 პოული) გამეორებამდე. ცნობისათვის, ჰამილტონმა თავის კარიერაში ფ1-ის რბოლის პოული პირველად 10 წლის წინათ, სწორედ მონრეალის ტრეკზე მოიპოვა.

კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, მას სენას ოჯახის საჩუქარი, ლეგენდარული ბრაზილიელის სარბოლო ჩაფხუტი გადასცეს. „აღტაცებული ვარ. სიტყვები არ მყოფნის. ვიცი, აირტონი ბევრი თქვენგანის ფავორიტი მრბოლი იყო. ჩემთვისაც კერპი იყო. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც რბოლები შემაყვარა და აქ მომიყვანა. დღეს მე მისი მიღწევა გავიმეორე და ამის აღსანიშნად ასეთი პრიზის მიღება, ჩემთვის უდიდესი პატივია“, - განაცხადა ჰამილტონმა.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.459
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:11.789
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:12.177
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:12.252
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:12.403
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:12.557
  7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:12.858
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:13.018
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:13.135
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:13.271

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:13.690
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.693
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:13.756
  4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:13.839
  5. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:14.293

- - - - - - - - - -

  1. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:14.182
  2. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:14.209
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:14.318
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:14.495
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:14.810
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11854