ავტოსპორტი

23:10 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას პირველი კვალიფიკაციის პოული ჩამოართვეს

TCR-ის საერთაშორისო სერიამ ავსტრიის ზალცბურგში გადაინაცვლა, სადაც მორიგ ორ რბოლას ზალცბურგრინგი მასპინძლობს. დღეს გამართულ კვალიფიკაციაში საუკეთესო დრო სლოვაკ მატ’ო ჰომოლას (ოპელ ასტრა) ჰქონდა, ვინც ამ სეზონში მეორე პოული (პირველი ბაჰრეინში) მოიპოვა. მან მხოლოდ 0.071 წამით აჯობა „GE ფორსის“ სერბ პილოტ დეუშან ბორკოვიჩს, 0.077 წამით კი - ესპანელ პეპე ორიოლას.

სამწუხაროდ, საუკეთესო 12-ეულში ვერ მოხვდა დათა ქაჯაია, ვინც პირველ კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო (1:25.864) დააფიქსირა. მაგრამ სტიუარდებმა ბოლო ცდა, რომელზეც ქართველმა მრბოლმა ყველას აჯობა, გაუუქმეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ დათამ ყვითელი ალმების აკომპანიმენტით შეასრულა. ყვითელი ალმების დროს კი პილოტებს სიჩქარის შემცირება ევალებათ. სამწუხაროდ, უფრო ადრე დაფიქსირებული საუკეთესო დროით (გაცვეთილი საბურავებით), დათამ მეორე კვალიფიკაციაში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველ 11 ადგილზე მყოფი პილოტების დროებს წამზე ნაკლები აშორებს. მეოთხე დრო უნგრელ ატილა რაშის აქვს, ვისაც პრაქტიკებზე მძიმე ავარია შეემთხვა და მართალია, თვითონ ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მის მანქანაზე დაზიანებული ძრავი გახდა შესაცვლელი, რის გამოც, პირველ რბოლას ბოლო რიგიდან დაიწყებს.

ქაჯაიამ თავისი საუკეთესო დრო პირველი კვალიფიკაციის დასრულებამდე 30 წამით ადრე დააფიქსირა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან ეს მეორე სექტორში დროის გაუმჯობესების წყალობით მოახერხა. ამ სექტორში აღმართიან მონაკვეთია, სადაც მცირელიტრაჟიანი „ალფა რომეო ჯულიეტა“ მეტოქეებთან აგებს. სამწუხაროდ, ეს მონაკვეთი ქართველმა მას შემდეგ გაიარა, რაც ამავე სექტორის მე-5 მოსახვევში ნორვეგიელი სტიან პაულსენი დატრიალდა. სხვათა შორის, კვალიფიკაციის მეორე სესიაზე ასპარეზობის უფლება ვერც სერიის ლიდერმა, ფრანგმა ჟან-კარლ ვერნეიმ მოიპოვა, ვინც პირველ რბოლაში ქაჯაიას წინ, მე-13 პოზიციაზე დადგება.

TCR-ის საერთაშორისო სერია, ავსტრიის ეტაპი

ზალცბურგი, კვალიფიკაცია

  1. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 1:25.481
  2. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჯულიეტა) 0.071
  3. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 0.077
  4. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 0.155
  5. თომას იაგერი (გერმანია, ოპელ ასტრა) 0.469
  6. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 0.473
  7. რობერტ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 0.534
  8. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS3 LMS) 0.622
  9. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 0.636
  10. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 0.663
  11. დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 0.751
  12. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი RS3 LMS) 1.412
  13. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 1.097
  14. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) 1.152
  15. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა სივიკი) 1.197
  16. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატ ლეონი) 1.229
  17. მილოვან ვესნიჩი (სერბეთი, აუდი RS3 LMS) 1.432
  18. გრეგუარ დემოუსტიე (საფრანგეთი, ოპელ ასტრა) 1.449
  19. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 1.745
  20. დანკან ინდი (აშშ, სეატ ლეონი) 2.283
  21. ენრიკო ბეტერა (იტალია, აუდი RS 3 LMS) 2.408
  22. ლუიჯი ფერარა (იტალია, სუბარუ WRX Sti) 2.753
0.128142