სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

22:50 | 10.06.2017 | ნანახია 5966 - ჯერ

5 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო

თბილისის სპორტის სასახლე ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ტრადიციულ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელიც გრან პრის სტატუსს ატარებს, დღეს მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში – 59, 71, 80 და 98 კილოგრამებში. ხალიჩაზე 16 ქვეყნის 140 სპორტსმენი გავიდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი შემადგენლობით, რა თქმა უნდა, საქართველო იყო წარმოდგენილი 53 მოჭიდავით. მათგან საპრიზო სამეულში შესვლა 12-მა შეძლო.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრთაგან დილის პროგრამა წაუგებლად ბექა ლომთაძემ (57 კგ) და ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) ჩაამთავრეს.

ლომთაძე, რომელიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის 2-გზის ფინალისტია და მსოფლიოს რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმსუბუქეს წონას დაუბრუნდა და ბრწყინვალედაც იჭიდავა. ფინალის გზაზე სომეხი გრიგორიანი, თურქი კაია და აზერბაიჯანელი იბრაჰიმოვი ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ აზერბაიჯანელს – ჰასანზადას 11:5 აჯობა და თბილისური გრან პრის ოქროს მედლით საქართველოს ნაკრებში ახალ წონაში დაიმკვიდრა ადგილი. დიდი ალბათობით, ბექა ლომთაძე აგვისტოს ბოლოს, პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ 57 კილოგრამში იჭიდავებს.

ჯუმბერ ყველაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, პოლონელ მაჟკასთან შეხვედრით და მეტოქეს 10 უპასუხო ქულა აუღო. ნახევარფინალში ტაჯიკეთის ნაკრების წევრ ჯალილოვს სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ გრიგორიანს დაუპირისპირდა და ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე (10:0).

74 კილოგრამში პოდიუმზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ტარზან მაისურაძე ავიდა, რომელმაც ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, გრიგორიანთან მარცხით.

რეპეშაჟის ფინალში მაისურაძე ნაკრების გამოცდილ წევრს იაკობ მაქარაშვილს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა აღარ მიიღო და თანაგუნდელს ბრინჯაო უბრძოლველად დაუთმო. ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა მაქარაშვილსაც გრიგორიანმა ჩაუკეტა. იქამდე კი იაკობმა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამოცდილ წევრს ავთანდილ კენჭაძეს აჯობა (12:8).

ტარზან მაისურაძის მსგავსად, მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს კახა ელბაქიძემ (65 კგ), გიორგი მეშვილდიშვილმა და მამუკა კორძაიამ (ორივე 97 კგ). კორძაიამ "ბრინჯაოს ფინალში” თამაგუნდელი ზვიად მეტრეველი დაამარცხა (3:1). ელბაქიძემ თურქ ჰეიდარს სასურველი ფრით სძლია (8:8). მეშვილდიშვილმა კი თურქი იანუში დაჩაგრა (12:2).

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ქართველები გამორჩეულად წარმატებით 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ – სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვეს.

ფინალში ერთმანეთს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (66 კილოგრამში) შმაგი ბოლქვაძე და რამაზ ზოიძე დაეჭიდნენ და ჩემპიონის ტიტულს ბოლქვაძე დაეუფლა, 3:0 მოგებით. ფინალამდე შმაგი ბოლქვაძემ ოთხი მეტოქე დაამარცხა: თორნიკე ჯანგავაძე, თურქი ჩენგიზი, საფრანგეთის ნაკრების წევრი ნიკოგოსიანი და მსოფლიო რეიტინგის უნგრელი ლიდერი ბალინტ კორპასი. ზოიძემ კი დილის ბლოკში ლაშა ლოლაშვილს, ყაზახ ანბეკსა და იური ლომაძეს აჯობა.

ლომაძე რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, ანბეკს 10:3 მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა.

80 და 98 კილოგრამები ქართულ-სომხური ფინალებით დაგვირგვინდა. ორივე შემთხვევაში მასპინძელთათვის სასურველი შედეგით. 80-ში ნიკოლოზ კელასოვმა მაქსიმ მანუკიანი 4:2 დაამარცხა. 98-ში კი რევაზ ნადარეიშვილმა ევროპის 3-გზის, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონს არტურ ალექსანიანს 4:1 აჯობა. ამ შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ ბოლო ორი ქულა მეტოქის არასპორტული საქციელის გამო მიიღო. ბრძოლის ბოლო წუთზე ალექსანიანი ხალიჩისმიღმა ატეხილ გარჩევაში ჩაერია და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა - მსაჯმა გამარჯვებულად ნადარეიშვილი გამოაცხადა.

ტრიბუნებსა და არენაზე კი გუნდური დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდა და სიტუაციის განსამუხტად საქმეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც ჩაერია.

კელასოვმა ფინალამდე ყაზახეთის ნაკრების წევრი გაჯიევი, ამერიკელი ჩავესი და სომეხი ღარიბიანი ჩამოიცილა. ნადარეიშვილმა - ალექსი ლოდია, სომეხი მინასიანი და ირანელი ამირი.

დღესვე, 80 კილოგრამში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ლაშა გობაძემ, რეპეშაჟის ფინალში ყაზახი დილმუხამედოვის ძლევით (2:1). 98-ში კი, მათე სოფაძე და ალექსი ლოდია მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ. სოფაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბელარუს სტარადუბთან დამარცხდა (4:5), ხოლო ლოდია – ირანელ ამირთან (0:4).

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო სამეული უმსუბუქეს წონაში – 59 კილოგრამშიც შეივსო, მაგრამ ჩვენებურთა გარეშე. ლუკა მარიამიძეს პოდიუმამდე რეპეშაჟის ფინალში ირანელი მოსაიების ძლევა დააკლდა.

მედლების დარჩენილი რვა კომპლექტი ხვალ გათამაშდება. თავისუფალ ჭიდაობაში 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში, ბერძნულ-რომაულში – 66, 75, 85-სა და 130-ში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:39 | 11.06.2017
ogafa (4194)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.110433