ავტოსპორტი

2:35 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

„რენომ“ და კუბიცამ ვალენსიაში ფ1-ის ტესტები ჩაატარეს

პოლონელმა მრბოლმა რობერტ კუბიცამ ფორმულა 1-ში თავისი პირველი ტესტები გაიარა მას შემდეგ, რაც 2011 წლის სეზონის დაწყებამდე, რალის რბოლისას მომხდარ ავარიაში, ხელის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტესტები ვალენსიაში ჩატარდა, კუბიცამ „ლოტუსის“ 2012 წლის სეზონის ავტომობილით (E20) იასპარეზა და მას ამის საშუალება „რენოს“ ფ1-ის გუნდმა მისცა.

კუბიცამ ვალენსიას ტრეკზე სულ 115 წრე გაიარა, რაც ფ1-ის ერთნახევარი რბოლის (ან ფ1-ის სარბოლო უიკენდის) ტოლფასია. ავტომობილით, რომლითაც მან ტესტები გაიარა, კიმი რაიკონენმა აბუ დაბის 2012 წლის რბოლა მოიგო. ტესტების დროს, პოლონელი პილოტი ხან ხანგრძლივ გარბენებს ასრულებდა სავსე ავზებით, ხან კი - საკვალიფიკაციო სიმულაციას. გარდა ამისა, დრო სტარტის აღების დამუშავებასაც დაუთმო.

გამოცემა „მოტორსპორტ.კომ“ ვარაუდობს, რომ კუბიცა და „რენო“ ერთობლივ ტესტებს კიდევ ჩაატარებენ. თუმცა „რენოს“ სპორტულმა დირექტორმა ალან პერმეინმა ტესტებს ერთჯერადი უწოდა. კუბიცა ახლა 32 წლისაა. 2011 წელს მას მეორე სეზონი უნდა გაეტარებინა „ლოტუს-რენოში“, რომელიც მოგვიანებით ფრანგულმა კომპანიამ გამოისყიდა.

ის ავარია, რომელმაც კუბიცას კარიერა შეცვალა, იტალიაში, მესამეხარისხოვანი რბოლის დროს მოხდა, სადაც პოლონელი პილოტი გასართობად ასპარეზობდა, სანამ ფ1-ის ტესტების დრო დადგებოდა. ავარიაში მან კინაღამ მარჯვენა ხელი დაკარგა. ექიმებს ბევრი გარჯა და ოპერაცია დასჭირდათ იმისათვის, რომ ხელისთვის ფუნქცია შეენარჩუნებინათ. გამოჯანმრთელების შემდეგ, კუბიცა რბოლებს დაუბრუნდა. თუმცა არა ფ1-ს, არამედ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე (WRC) გადაინაცვლა. იქ 2013 წელს ჩემპიონი გახდა WRC2 კლასში, მაგრამ WRC-ში გატარებული რამდენიმე სეზონის განმავლობაში (სიტროენთან, M-სპორტთან და საკუთარ გუნდ RK-სთან ერთად) წარმატებებს ვერ მიაღწია. შემდეგ წრიულ რბოლებს დაუბრუნდა, მონაწილეობა მიიღო მუჯელოს (იტალია) 12-საათიან რბოლაში (GT-ს კლასი) და „რენო სპორტ ტროფის“ კლასის სპა ფრანკორშანის რბოლაში კვარცხლბეკზე ავიდა.

კუბიცა ამ სეზონში, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში, კერძო გუნდ „ბაიკოლესთან“ ერთად, LMP1 კლასში უნდა ჩართულიყო, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. ვალენსიაში ტესტებამდე კი GP3-ის, LMP2 პროტოტიპის და ფორემულა E-ს ავტომობილები გამოსცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114116