ფეხბურთი

23:45 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაბლო ტაბლოდ: მოლდოვაში გაცილებით მეტია საჭირო

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა სენსაციის თავიდან არიდება და 3:0 სძლია ეგზოტიკურ მეტოქეს. სენტ კიტსი და ნევისი ის ნაკრებია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სომხეთთან 0:5 წააგო...

ბევრნი ველოდით, რომ საქართველო იგივე დღეში ჩააგდებდა სტუმრებს, როგორც 20 წლის სწორედ სომხებთან მოხდა - როცა 7:0 ვიმარჯვეთ. ვერა. მომენტები მრავლად შევქმენით, მაგრამ დიდწილად უფრო მეტოქის უნიათობის ხარჯზე. ვლადიმირ ვაისის გუნდს გაცილებით უკეთ თამაში მართებს, რათა 11 ივნისს მოლდოვაში მოიგოს.

ნაკრების ნათელი წერტილი გახლდათ გიორგი არაბიძე. 19 წლის გარემარბი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე და სამივე გოლში დაიდო წვლილი, აქედან ორი თავად გაიტანა. ჯერ საჯარიმო შეასრულა ბრწყინვალედ, მერე პენალტი გამოიყენა, ხოლო 81-ე წუთზე შეტევა დაიწყო, მარჯვნივ გურამ კაშიას გააყოლა, რომლის დაბალ პასს ლადო დვალიშვილის ერთი შეხებით ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ისიც აღვნიშნოთ, რომ საჯარიმოც და პენალტიც (რომლებსაც გოლები მოჰყვა) სწორედ არაბიძემ მოინადირა. აღარ გავაგრძელებთ იმაზე წერას, თუ როგორ იმედიანად შევყურებთ ამ ფეხბურთელს.

მატჩს რაც შეეხება, პირველი გოლი გაიტანა... სენტ კიტსი და ნევისმა. კუთხურს მოჰყვა თავური და ბურთი გიორგი მაკარიძის კარში შევარდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სუფთა გოლი იყო. მეტოქეს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როცა ჯიმი ტაბიძე შეცდა და პანატოუ პირისპირ დარჩა გიორგი მაკარიძესთან - კარს ააცილა. ეს ეპიზოდიც 0:0-ზე იყო.

მეტი ყურადღებაა საჭირო და კიდევ, ამდენ საგოლე მომენტს გამოყენება სჭირდება. როგორ უნდოდა გოლის გატანა გიორგი მერებაშვილს და რამდენი შანსიც ჰქონდა, თუმცა ვერა და ვერ მოახერხა გამოყენება. ერთხელ მაკრატელაც დაარტყა და მეკარემ მოიგერია. ისე, "მერება" შეტევაში ვაკო ყაზაიშვილზე და ბაჩანა არაბულზე აქტიური იყო, რამდენჯერმე კარგი პასი გააკეთა. ნიკა კაჭარავასა და ბაჩანა არაბულს შეეძლოთ მისი გადაცემების შემდეგ გატანა.

ყაზაიშვილს ძალიან ეტყობა "ლეგიაში" უთამაშებლობა, სრულიად უწყინარ სიტუაციებში ცდებოდა. მაგალითად, კაჭარავას პასის შემდეგ თავისუფლად შეეძლო ანგარიშის გახსნა და ვერ მოახერხა.

ბევრი მომენტი იყო, მაგრამ კარში ზუსტად დარტყმა? ეს პირველად 37-ე წუთზე ვიხილეთ, გურამ კაშიას თავურზე შეწუხდა მეკარე. ტაიმის ბოლო წუთზე კი ნიკა კვეკვესკირმა ხარიხას მოარტყა ბურთი. კიდევ კარგი, მეორე ტაიმში გოლები გავიდა, თორემ ასეთ გუნდთან ვერმოგება მართლაც სირცხვილი იქნებოდა. გამართლება შეიძლება ის იყოს, რომ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა - ფაქტობრივად, ნახევარი ნაკრები.

ისე, მერებაშვილისა არ იყოს, ბუბა დაუშვილსაც ძალიან სურდა ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანა, ოთხჯერ დაარტყა და ვერ ეწია საწადელს. დებიუტანტზეც ვთქვათ. პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო არაბულსა და ლაშაAშერგელაშვილს წლეულს, უზბეკეთთან და იორდანიასთან ჰქონდათ ნათამაშევი.

ვლადიმირ ვაისს ნამატჩევს გაბრაზება ეტყობოდა. აშკარად უკეთეს თამაშს ელოდა. კარგი იყო არაბიძე და კარგია ბოლო ორი მატჩის მოგება საერთო ჯამში 8:0, მაგრამ სულ ასეთი მეტოქეები არ გვეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.268963