ფეხბურთი

15:54 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ეს ცირკი კი არა, საქართველოს ნაკრებია"

7 ივნისს თბილისის "მიხეილ მესხზე" სენტ კიტსი და ნევისთან ამხანაგური, ხოლო 11 ივნისს კიშინიოვში მოლდოვასთან შესარჩევი მატჩი - საქართველოს ნაკრები ამ ორი შეხვედრისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად გახლდათ ნიკა კვეკვესკირიც, რომელიც აზერბაიჯანული "გაბალადან" ყაზახეთის "ტობოლში" გადავიდა.

ვლადიმირ ვაისი: "როგორც იცით, მოლდოვაში შესარჩევი თამაში გველის და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. სამ ქულას ველოდებით ჩვენც და ქართველი გულშემატკივრებიც. მანამდე სენტ კიტსი და ნევისთან ჩავატარებთ ამხანაგურ შეხვედრას. მეტოქე დიდად ცნობილი გუნდი არაა, მაგრამ ვფიქრობ, მოლდოვასთან მატჩის წინ კარგი საკონტროლო თამაში გამოვა. რამდენიმე ახალწვეული გამოვიძახე, რადგან ბევრი ფეხბურთელი დაშავებულია. ვნახავთ, ვინ როგორ გამოიჩენს თავს სენტ კიტსი და ნევისთან.

...ფედერაციამ შემომთავაზა ეს მეტოქე ამხანაგურისთვის. კარგი ისაა, რომ უცხოეთში გამგზავრება არ გვჭირდება, თბილისში ვითამაშებთ და აქედან წავალთ მოლდოვაში. აქვე გეტყვით, რომ სენტ კიტსი და ნევისთან თამაში სარეიტინგო არაა.

...გიორგი მერებაშვილი? ის ადრეც თამაშობდა ნაკრებში. პოლონეთის ჩემპიონატში პრაქტიკა აქვს, მეც ვაკვირდებოდი და გადავწყვიტე, გამომეძახა. თუ გადავხედავთ შეტევის ხაზს, ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა: მჭედლიძე, ოქრიაშვილი, ქვილითაია, ჭანტურია... ყაზაიშვილსაც ძალიან აკლია სათამაშო დრო.

...ჯიღაურს რაც შეეხება, ის დღეს დავამატე ნაკრებს. საქმე ისაა, რომ ლობჟანიძესა და კიტეიშვილს მცირე ტრავმა აქვთ. ჯიღაური ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

კითხვა დაისვა ზაქარია ბეგლარიშვილსა და ავთო ებრალიძეზე - ბოლო დროს კარგად თამაშობენ და ხომ არ აკვირდებით, ხომ არ აპირებთ მომავალში გამოძახებასო. ვაისმა გასაგებად უპასუხა:

"ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ მუდმივად არ შემიძლია ახალი ფეხბურთელების გამოძახება. ეს ცირკი ხომ არ არის... ეს საქართველოს ნაკრებია და ვიძახებ იმათ, რომლებიც საუკეთესოებად მიმაჩნია და ვენდობი. ერთი, ორი, ან სამი ახალწვეული ყოველთვის არის. საქართველოს ჩემპიონატში დაახლოებით 20 ფეხბურთელს ვაკვირდებით.

...საქართველოს ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა? ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, უიღბლობა მოქმედებდა. უიღბლობის ბრალიცაა, რომ აქამდე შესარჩევში ერთი მატჩიც ვერ მოვიგეთ. ეს ფეხბურთია. ერთი წუთითაც არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, შეცდომებს ვაანალიზებთ".

ნიკა კვეკვესკირი: "მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ვემზადებით. გამარჯვებები აუცილებლად გვჭირდება და ყველანაირად ვეცდებით, რომ მოლდოვაში სამი ქულა ავიღოთ. ფეხბურთელებს გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელოვანი მატჩია. შესარჩევის თამაშამდე სენტ კიტსი და ნევისს ვხვდებით, სწორედ მოლდოვამდე უკეთ მომზადებას ემსახურება ეს ამხანაგური მატჩი. თავადაც ნახეთ, რომ ჯგუფში ძლიერ ნაკრებებთან მაღალი დონის შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ასე რომ შეგვწევს ძალა, რომ მოლდოვიდან სამი ქულა წამოვიღოთ".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128855