ჭიდაობა

19:00 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილი თბილისური ტურნირის განაცხადს გამოაკლდა

ევროპის 2-გზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დათო მარსაგიშვილი ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ხალიჩაზე დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს.

მარსაგიშვილმა 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ნაკრებში ადგილი შარშან დაიბრუნა. წლეულს კი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავა და ნახევარფინალამდეც მივიდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მე-5 ადგილს დასჯერდა.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისურ ტურნირს ტრავმის გამო ნაკრების კიდევ ერთი წევრი – 57 კილოგრამში მოჭიდავე ოთარ გოგავაც გამოტოვებს. გასული ევროპირველობის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (130 კგ) კი სავარაუდოდ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დაისვენებენ.

ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი თბილისში 10-11 ივნისს გაიმართება და საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ხალიჩაზე გაფართოებული შემადგენლობებით გავლენ. მომავალ შეჯიბრებას შიდა სანაკრებო კონკურენციისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადის შედგენისას მწვრთნელები თბილისურ შედეგებსაც გაითვალისწინებენ.

ჭიდაობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116348