ავტოსპორტი

2:50 | 1.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბალასტი და ჯარიმა რობერტო კოლჩაგოს

TCR-ის საერთაშორისო სერიის მონცას რბოლების შემდეგ, ამ რბოლების ყველაზე წარმატებულ სამ პილოტს მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ავსტრიის ზალცბურგი უმასპინძლებს, ეგრეთ წოდებული წარმატების ბალასტებით მოუწევს ასპარეზობა. ესენი არიან რობერტო კოლჩაგო, სტეფანო კომინი და ფრედერიკ ვერვიში.

იტალიაში კოლჩაგომ საშინაო ტრასაზე ყველაზე მეტი, 47 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ „რედ ბულის“ ტრეკზე მისი „ჰონდა სივიკი“ წარმატების მაქსიმალური ბალასტით, ანუ 30 კილოგრამით დაიტვირთება. კომინის და ვერვიშს კი, რომლებიც „აუდი RS3 LMS-ით“ ასპარეზობენ, შესაბამისად 20 და 10 კილოგრამი დაემატებათ. შეგახსენებთ, რომ მონცაზე მოქმედმა ჩემპიონმა კომინიმ, სპადან გამოყოლილი წარმატების ბალასტით იასპარეზა, თუმცა ამან მისი კონკურენტუნარიანობა ვერ დააქვეითა, რაშიც ტრასის თავისებურებამ შეუწყო ხელი.

ამგვარად, ავსტრიაში კოლჩაგოს „ჰონდას“ წონა 1 345 კილოგრამი იქნება. აქედან 1 285 კილოგრამი მინიმალური დასაშვები წონაა, რასაც ემატება წარმატების ბალასტი 30 კილოგრამი და მანქანის შესაძლებლობის ბალანსი - 20 კილოგრამი, რომელსაც „ჰონდას“ ავტომობილები მთელის სეზონის განმავლობაში ატარებენ.

ვერვიშის „აუდის“ წონა 1 350 კილოგრამს მიაღწევს, საიდანაც 1 285 კილოგრამი მინიმუმია, 45 კილოგრამი მანქანის შესაძლებლობის ბალანსია, 20 კილოგრამი კი - წარმატების ბალანსი. თანაგუნდელისაზე 10 კილოგრამით მსუბუქი იქნება კომინის „აუდი“.სპას მსგავსად, შვეიცარიელმა მრბოლმა მონცაზეც ერთი რბოლის მოგება შეძლო. თუმცა მაინც ვერვიშზე ნაკლები ქულა აიღო.

სპას მსგავსად, ბალასტი ზალცბურგშიც უარყოფითად იმოქმედებს ავტომობილების კონკურენტუნარიანობაზე, რადგან მძიმე მანქანებს აღმართიანი მონკვეთის გავლა მოუწევთ. გარდა ამისა, ზალცბურგში მონცაზე მეტი ძლიერი დამუხრუჭების ადგილებიცაა.

რაც შეეხება კოლჩაგოს ჯარიმას, იტალიელს ის მეორე რბოლაში მომხდარი ინციდენტის გამო დაუნიშნეს. სტიუარდებმა დაადგინეს, რომ მეოთხე წრეზე, სწორედ მისი ინიცირებული იყო ავარია, რომელმაც ვერვიშს ადგილი დააკარგვინა და მოსახვევიდან გადააგდო. სხვათა შორის, ვერვიში პირველ წრეზე მომხდარ ინციდენტშიც ჩართული იყო (ჟან-კარლ ვერნეისთან და პეპე ორიოლასთან ერთად), ოღონდ იმ შემთხვევის გამო არავინ დაუჯარიმებიათ.

0.12049