ფეხბურთი

18:03 | 31.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვენგერი “მეთოფეებს” 2019 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის

ლონდონის “არსენალს” უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში ისევ არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებვერდი იტყობინება, მხარეები კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. აქამდე მოქმედი ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე იყო.

“ჩვენი მიზანი პრემიერლიგისა და ევროპული ტიტულების მოგებაა. ეს სურთ გულშემატკივრებს, ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს. არ მოვისვენებთ, სანამ ამას არ მივაღწევთ. არსენი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. მას ფანტასტიკური გამოცდილება აქვს და ჩვენი მხარდაჭერაც მიიღო” - აცხადებს “არსენალის” მფლობელი სტენ კრონკე.

თავად ვენგერმა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ “არსენალის” მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და მოუთმენლად ელის ახალ სეზონს.

67 წლის ფრანგი სპეციალისტი “მეთოფეებს” 1996 წლიდან უდგას სათავეში. ამ დროის განმავლობაში გუნდს 16 ტიტული მოაპოვებინა: სამჯერ იმარჯვა პრემიერლიგაში, 7-ჯერ ინგლისის თასის და 6-ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა. მართალია, აწ უკვე განვლილ სეზონში “არსენალმა” ინგლისის თასი მოიგო, თუმცა პრემიერლიგაში მე-5 ადგილს დასჯერდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. ამის გამო გულშემატკივართა დიდი ნაწილი მწვრთნელის შეცვლას მოითხოვდა.

ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ბრიტანული გამოცემების ცნობით, ვენგერი სეზონში 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125578