ავტოსპორტი

22:13 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა მონაკოში „ფერარის“ ნანატრი გამარჯვება მოუპოვა

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა მონაკოს 75-ე დიდი პრიზი. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა „ფერარის“ ნანატრი გამარჯვება მოუპოვა - იტალიური გუნდის პილოტს, ეს რბოლა 2001 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. მაშინაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური გერმანელმა პილოტმა, მიხაელ შუმახერმა დაიკავა.

ფეტელმა ფინიშთან სამი წამით მიასწრო თანაგუნდელ კიმი რაიკონენს, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო და პიტ სტოპის შესრულებამდე, პელოტონს სათავეში ედგა. მაგრამ ფეტელმა იმით ისარგებლა, რომ ფინელზე ხუთი წრით გვიან, მე-40 წრეზე შეცვალა საბურავები. და ტრასაზე დაბრუნებული, მის წინ აღმოჩნდა. რბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ მოგების ერთადერთ შანსს გვიანი პიტ სტოპი აძლევდა და მან ეს შანსი გამოიყენა.

ფეტელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 45-ე გამარჯვებაა, მიმდინარე სეზონის პირველი ექვსი რბოლიდან კი უკვე მესამე მოიგო და ლუის ჰამილტონთან, ვინც ფინიშთან მხოლოდ მეშვიდე მივიდა, ლიდერობა 25 ქულამდე გაზარდა.

დაჯილდოების ცერემონიისას რაიკონენს დანა პირს არ უხსნიდა. ინტერვიუს დროსაც სიტყვაძუნწი იყო. მისი განწყობა გასაგებია: ბოლო ცხრა სეზონში პირველად იდგა პოულზე და 2013 წლის შემდეგ პირველი გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ პიტ სტოპების სტრატეგიამ წააგებინა.

„ეს მაინც მეორე ადგილია, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს საშინლად კარგად ვერ ვგრძნობ. ხანდახან ასეც ხდება“, - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონ ნიკო როსბერგთან სახელდახელო ინტერვიუსას რაიკონენმა. ამაზე როსბერგმა უპასუხა - ვიცი, ეს რა გრძნობაც არისო.

მოკლედ, კიმი მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი დანილ რიკარდომ დაიკავა, რომელმაც ასევე გვიანი (39-ე წრეზე) პიტ სტოპით ისარგებლა და ვალტერი ბოტასი და მაქს ფერსტაპენი ჩამოიტოვა. რიკარდომ რბოლის მიწურულს, რესტარტიდან პირველივე წრეზე შეცდომა დაუშვა - კედელს დაეჯახა, მაგრამ მანქანაზე კონტროლი შეინარჩუნა და არც მეტოქეებს მისცა წინ გასვლის საშუალება.

სხვათა შორის, მონაკოს შარშანდელი რბოლის შემდეგ, კვარცხლბეკზე უხასიათოდ რიკარდო იდგა, რომელმაც უვარგისად შესრულებული პიტ სტოპის გამო დაკარგა გამარჯვება. როსბერგის მსგავსად, კიმის განწყობა მასაც კარგად ესმოდა...

რბოლის მე-60 წრეზე ავარია მოხდა. მოსახვევ პორტიეში (გვირაბის წინ), ბოლო ადგილზე მყოფმა ჯენსონ ბატონმა პასკალ ვერლაინის გასწრება სცადა და შიდა რადიუსით შეუტია. როდესაც მისი „მაკლარენი“ მეტოქის „ზაუბერის“ თითქმის გაუსწორდა, გერმანელმა პილოტმა ტრაექტორია იცვალა და მაშინვე მათი მანქანები ერთმანეთს დაეჯახა. ამ მოსახვევში, რომელიც გვირაბის წინ მდებარეობს, სიჩქარე მაღალი არაა, მაგრამ დარტყმამ „ზაუბერი“ ააყირავა და მანქანა დამცავი ზღუდის წინ „აიტუზა“. ბარიერსა და კოკპიტს შორის ღრიჭო იმდენად მცირე იყო, რომ სანამ მანქანას ბორბლებზე დააყენებდნენ, პილოტი გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ბედად, ვერლაინს ტრავმა არ მიუღია.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 280.286 კმ (3.337 კმ, 78 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:44:44.340
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) +00:03.145
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:03.745
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:05.517
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:06.199
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:12.038
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:15.801
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 00:18.150
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:19.445
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 00:21.443
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 00:22.737
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 00:23.725
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:39.089

14გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 7 წრე

15გ. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 7 წრე

გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 12 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 15 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 21 წრე

გ. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 21 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 63 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:14.820, 76-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 129 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 104; 3. ვალტერი ბოტასი - 75; 4. კიმი რაიკონენი - 67; 5. დანიელ რიკარდო - 52; 6. მაქს ფერსტაპენი - 45; 7. სერხიო პერესი - 34; 8. კარლოს საინსი - 25; 9. ფელიპე მასა - 20; 10. ესტებან ოკონი - 19; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 14; 12. რომენ გროჟანი - 9; 13. კევინ მაგნუსენი - 5; 14. პასკალ ვერლაინი - 4; 15. დანილ კვიატი - 4

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 196 ქულა; 2. მერსედესი - 179; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 97; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 53; 5. ტორო როსო-რენო - 29; 6. უილიამს-მერსედესი - 20; 7. რენო - 14; 8. ჰაას-ფერარი - 14; 9. ზაუბერ-ფერარი - 4; 10. მაკლარენ-ჰონდა - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16398