ფეხბურთი

2:31 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ესპანეთის თასი ზედიზედ მესამედ მოიგო, “ვისენტე კალდერონი” სამუდამოდ დაგვემშვიდობა

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში “ალავესი” დაამარცხა და 2016/2017 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

კოპა დელ რეის ფინალი ყოველთვის ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია, თუმცა ეს შეხვედრა სხვა დეტალებითაც იყო დატვირთული. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ამ მატჩის შემდეგ “ვისენტე კალდერონი” სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. დიახ, “ატლეტიკოს” ლეგენდარულმა სტადიონმა საფეხბურთო მატჩს ბოლოჯერ უმასპინძლა და სამუდამოდ დაგვემშვიდობა. უახლოეს პერიოდში “ვისენტე კალდერონისგან” მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩება, ხოლო შემდეგ ამ ადგილას “ატლეტიკო” კლუბის პარკს ააშენებს.

“ბარსელონა” ბოლოჯერ გაწვრთნა ლუის ენრიკემ და ის კატალონიურ გრანდს მოპოვებული ტიტულით დაემშვიდობა. თავის მხრივ, “ალავესის” რიგებში ბოლოჯერ ითამაშა კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა და წარმატების შემოქმედმა ტეო ერნანდესმა, რომელსაც არაერთი ძლიერი კლუბი ეპატიჟება და მისი “ალავესიდან” წასვლა გადაწყვეტილია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მოლოდინისამებრ “ბარსელონამ” მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა და გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია. “ბლაუგრანამ” მოწინააღმდეგე განსაკუთრებით პირველ ტაიმში დაჩაგრა, როდესაც კატალონიური გრანდის ბურთის ფლობის მაჩვენებელი 82% გახლდათ.

“ალავესმა” ზუსტად საწყისი 30 წუთი გაძლო, ხოლო შემდეგ ლიონელ მესიმ საჯარიმოს მოსადგომებიდან უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა. თუმცა, ბასკებს ყურები არ ჩამოუყრიათ და ზუსტად სამ წუთში, ზემოთ ნახსენებმა ტეო ერნანდესმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და “ალავესის” რიგებში ბოლო თამაში ასე აღნიშნა.

ბასკებს ძალიან აწყობდათ, რომ შესვენებაზე ამ ანგარიშით გასულიყვნენ და ამასთან ძალიან ახლოსაც იყვნენ, მაგრამ ამის გაკეთება მაინც ვერ შეძლეს და თანაც, ბოლო წამებზე ერთბაშად ორი გოლი გაუშვეს, რამაც ფინალის ბედი გადაწყვიტა: 45-ე წუთზე ანდრე გომეშმა ნეიმარს ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო მესამე დამატებულ წუთზე ლიონელ მესის მორიგ შედევრს პაკო ალკასერის გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმში “ბარსელონა” შედარებით მოეშვა და მეტოქეს ბურთის უფრო დიდხანს ფლობის და თამაშის საშუალება მისცა. 71-ე წუთზე დეივერსონმა გოლის გატანაც მოახერხა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო კლოს გომესმა გააუქმა. ბასკების დიდი მონდომების მიუხედავად, სხვა ბევრი ვერაფრის გაკეთება მოახერხეს და ვერცხლის მედლებით მოუწიათ დაკმაყოფილება – 3:1.

“ალავესზე” მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. კლუბი ამ სეზონში აღწევდა ლა ლიგაში და სეზონი ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულა, ხოლო ესპანეთის თასზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა და ფინალამდე მოახერხა გასვლა, რასაც ძალიან ცოტა ვინმე თუ ელოდა.

“ბარსელონამ” კი კოპა დელ რეი ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო ჯამში აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული 28-ედ გახდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ბარსელონა – ალავესი 3:1 (3:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ბარსელონა (4-3-3): სილესენი, უმტიტი, პიკე, მასკერანო (გომეში 11), ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ვიდალი 83), ნეიმარი, მესი, ალკასერი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ალავესი (3-4-3): პაჩეკო, ელი, ვიგარაი, ფედალი, მ.გარსია, მ.ლორენტე, კიკო, ტ.ერნანდესი (რომერო 79), მენდეში (კამარასა 59), იბაი (სობრინო 60), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 1:0 მესი (30), 1:1 ტ.ერნანდესი (33), 2:1 ნეიმარი (45), 3:1 ალკასერი (45+3)
გაფრთხილებები: უმტიტი, მესი, Iნიესტა – მენდეში, მ.გარსია, ელი, სობრინო, დეივერსონი
მსაჯი: კლოს გომესი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112316