სხვა

0:40 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამბო: მინისტრმა ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ სპორტსმენებს უმასპინძლა. მასთან ერთად ნაკრების წევრებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა.

19-21 მაისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ვაჟთა შორის ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი (74კგ წონითი კატეგორია) გახდა, ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90კგ) ვერცხლს დაეუფლნენ, ლევან ბერბერაშვილი (52კგ), ზურაბ ოდოშაშვილი (62კგ), ნიკო კუცია (82კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ. გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ნინო ოძელაშვილმა (72კგ), ელენე ქებაძე (+80კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.

„მსურს ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო! ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგება ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ არანაკლებ გამიხარდა რუსი კონკურენტის ძლევა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დავმარცხდი. ვეცდები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგი შედეგი ვაჩვენო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო"! - განაცხადა კონტინენტის პირველობის ოქროსმედალოსანმა ნინო ოძელაშვილმა.

„მინისტრის მოადგილსთან ერთად ვესწრებოდი ევროპის ჩემპიონატს და გულახდილად გეტყვით, ეს იყო უდიდესი და სასიამოვნო ემოცია, რის გამოც მსურს საქართველოს ნაკრების ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. ვულოცავ ლევანს და ნინოს ოქროს მედლებს, დანარჩენ პრიზიორებს კი გამარჯვებებს ვუსურვებ. იცით, რომ 2019 წელს ბელარუსი ევროპის მეორე თამაშებს უმასპინძლებს. სადღეისოდ ეს ტურნირი სამბისტებისთვის უმაღლესი დონის შეჯიბრებაა და მინდა ვისურვო ორი წლის შემდეგ სამბისტებისგან ჩვენი ჰიმნის არაერთხელ აჟღერება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„პირველად მოხდა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს დაესწრო. ეს ჩვენი ფედერაციისთვის და სპორტსმენებისთვის დიდი სტიმული იყო და ამისთვის ბატონო ტარიელ და ბატონო შალვა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მინსკში არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის და მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელებთან, მის შედეგებს კი სამბოს ქართველი გულშემატკივრები ძალიან მალე იხილავენ", - განაცხადა სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ციბაძემ.

წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში 9-13 ნოემბერს რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართება.



www.msy.gov.ge

0.137902