ფეხბურთი

3:00 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალს” ჩემპიონობამდე ქულა აშორებს

ლა ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში მადრიდის “რეალმა” “ესტადიო ბალაიდოსზე” ადგილობრივი “სელტა” დაამარცხა და საჩემპიონო ტიტულს ძალიან მიუახლოვდა.

საჩემპიონოდ მომართულმა “ბლანკოსმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ევროპა ლიგაზე გადაღლილი “სელტას” კარი მე-10 წუთზევე კრიშტიანო რონალდუმ დალაშქრა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან სერხიო ალვარესი უშანსოდ დატოვა. საწყისი 45 წუთი ამ ანგარიშით დასრულდა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გაცილებით შედეგიანი გამოდგა და მაყურებელმა კიდევ ოთხი გატანილი გოლი იხილა. 48-ე წუთზე ისკომ რონალდუ მეკარესთან პირისპირ დატოვა და პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა. “რეალს“ კომფორტული უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული, თუმცა სიტუაცია მაინც დაიძაბა: 62-ე წუთზე სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში იაგო ასპასი წააქცია. როგორც გამოჩნდა, კონტაქტი აშკარად იყო და მსაჯს თავისუფლად შეეძლო პენალტის დანიშვნა, მაგრამ მან ძალიან უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, ასპასი სიმულაციის გამო მეორედ გააფრთხილა და მასპინძლები 10 კაცით დატოვა. გალისიელებმა შვიდ წუთში მაინც გაიტანეს, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და დარჩენილ დროში ორი ბურთი აქეთ გაუშვეს – 1:4.

ამრიგად, ”რეალმა” 90 ქულა დააგროვა და ”ბარსელონას” 3 ქულით გაუსწრო. ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდული გრანდი გასვლაზე “მალაგას“ დაუპირისპირება და ქულის მოპოვების შემთხვევაშიც ჩემპიონი გახდება.

ცნობისთვის, “ბლანკოსმა“ ზედიზედ 63 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და რეკორდი დაამყარა.

სელტა – რეალი 1:4 (0:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი“

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, მალიო, ხონი, პ.ერნანდესი, ვასი, ხოზაბედი (მ.დიასი 72), სისტო (ჩეიკი 80), ასპასი, გუიდეტი (ბივუ 86).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

რეალი (4-3-1-2): ნავასი, რამოსი, ვარანი, მარსელო, დანილო, კასემირო (კოვაჩიჩი 71), კროოსი, მოდრიჩი, ისკო (ლ.ვაზკესი 84), რონალდუ (ასენსიო 84), ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1, 0:2 რონალდუ (10; 48), 1:2 გუიდეტი (69), 1:3 ბენზემა (70), 1:4 კროოსი (88)
გაფრთხილებები: ასპასი, ხონი, გუიდეტი, მალიო, პ.ერნანდესი – კასემირო, რამოსე
გაძევება: ასპასი (62)
მსაჯი: მიგელ მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
0.127254