ფეხბურთი

0:02 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი - რეპეტიცია მსოფლიოს ჩემპიონატამდე

17 ივნისს რუსეთში კონფედერაციათა თასის გათამაშება დაიწყება, რომელიც ტრადიციულად ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ტარდება. ტურნირი მუნდიალის გენერალურ რეპეტიციად ითვლება და მასში სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები მონაწილეობენ.

ამჯერად რუსეთის ოთხ სტადიონზე, შემდეგ რვა ნაკრებს ვიხილავთ:

მასპინძელი – რუსეთი

მსოფლიოს ჩემპიონი – გერმანია

ევროპის ჩემპიონი – პორტუგალია

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი – ჩილე

აზიის ჩემპიონი – ავსტრალია

აფრიკის ჩემპიონი – კამერუნი

კონკაკაფის ჩემპიონი – მექსიკა

ოკეანეთის ჩემპიონი – ახალი ზელანდია

რვა გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირველ-ორ ადგილზე გასული ნაკრები თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს ჯვარედინი სისტემით.

A ჯგუფი

რუსეთი

ახალი ზელანდია

პორტუგალია

მექსიკა

B ჯგუფი

კამერუნი

ჩილე

ავსტრალია

გერმანია

ტურნირის გახსნის მატჩი 17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება რუსეთსა და ახალ ზელანდიას შორის. ფინალი 2 ივლისს, ასევე სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება.

კონფედერაციის თასის 16 შეხვედრა ოთხ ქალაქში გაიმართება:

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა” (ტევადობა, 50 ათასი)

სანქტ-პეტერბურგი, “ზენიტ არენა” (70 ათასი)

ყაზანი, “ყაზან არენა” (44. 779)

სოჭი, ოლიმპიური სტადიონი (48 ათასი)

კონფედერაციათა თასი პირველად 1995 წელს გაიმართა. მაშინ ჩემპიონი დანიის ნაკრები გახდა, რომელიც ტურნირში ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა. თავიდან ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. 1997 წელს ბრაზილია გაჩემპიონდა. შემდეგ, 1999 წელს პირველი ადგილი მექსიკის ნაკრებს ერგო, 2001 წელს კი, იაპონიაში საფრანგეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. ისევ ფრანგებმა მოიპოვეს ოქროს მედლები 2003 წელს სამშობლოში ჩატარებულ ტურნირზე. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც კონფედერაციათა თასი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წლით ადრე არ ჩატარებულა.

2005 წლიდან კონფედერაციის თასი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან კონფედერაციათა თასს უცვლელი ჩემპიონი ჰყავს – 2005, 2009 და 2013 წლებში ბრაზილიელებმა ოქროს მედლები არავის დაუთმეს. ამჯერად, ამ ტურნირს ახალი ჩემპიონი ნამდვილად ეყოლება, რადგან ბრაზილია მასში არ მონაწილეობს.

კონფედერაციათა თასს დიდი ტრაგედიაც ახსოვს – 2003 წელს, ნახევარფინალში, კოლუმბიისა და კამერუნის მატჩის 75-ე წუთზე, მოედანზე მოულოდნელად გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა მარკ-ვივიენ ფოე. კამერუნელი ნახევარმცველი, რომელიც მაშინ “მანჩესტერ სიტის” წევრი იყო, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამიტომაც ფინალში, საფრანგეთისა და კამერუნის თამაში გაუფერულდა. დაჯილდოვებისას, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ფოეს ხსოვნას პატივი მიაგეს, სტადიონზე სპეციალურად დამზადებული სურათი გამოიტანეს და ვერცხლის მედალი სწორედ ხსენებულ ფოტოზე განათავსეს.

0.132091