ფეხბურთი

2:40 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „აიაქსი“

ევროპა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის ფინალისტები კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბები: „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ამსტერდამის „აიაქსი“ არიან.

ტურნირის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ევროპა ლიგის ორივე 1/2 ფინალურ მატჩში ინტრიგა ბოლო წამამდე არსებობდა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ფინალში „ლიონი“ ან „სელტა“ გასულიყო.

პირველი შეხვედრის მსგავსად, ძალიან კარგი სანახავი გამოდგა „ლიონის“ და „აიაქსის“ დაპირისპირება. ფრანგებს ამსტერდამში 1:4 ჰქონდათ წაგებული და ურთულესი ამოცანის წინაშე იდგნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და სასურველ შედეგამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

„პარკ ოლიმპიკ ლიონზე“ გამართული მატჩის საწყისი 30 წუთი ისე წარიმართა, რომ „ლიონი“ უშანსოდ გამოიყურებოდა: 27-ე წუთზე სტუმართა ამომავალმა ვარსკვლავმა კასპერ დოლბერგმა მასპინძელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ყველაფერი ჰოლანდიელთათვის სასურველი სცენარით მიდიოდა, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე, ფრანგებმა ორი გოლი გაიტანეს და „ლომები“ თამაშში დაბრუნდნენ: 45-ე წუთზე ლაკაზეტმა პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა ზუსტად, ხოლო ერთ წუთში მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

მეორე ნახევარიც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ბევრჯერ ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნია შეცვლაზე შემოსული რიბუსის მომენტი, რომელსაც 76-ე წუთზე ახლო მანძილიდან ონანამ აჯობა, ხოლო სამ წუთში ვან დე ბიკის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლთან იყო ახლოს, მაგრამ არ გაუმართლა და მისი შორეული გასროლა ხარიხამ მოიგერია. მოედანზე ვითარება ამ მომენტიდან ორ წუთში უკიდურესად დაიძაბა: ცვლილებაზე შემოსული გეჟალის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ნიკ ვიერგევერს მოხვდა და ონანას კარში შევარდა. 84-ე წუთზე კი ვიერგევერმა მეორე გაფრთხილება მიიღო, მოედანი დატოვა და „აიაქსი“ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ფრანგებს თავისუფლად შეეძლოთ შეხვედრის დამატებით დროში გადასვლა, სადაც 10-კაციან „აიაქსს“ ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ ისინი 89-ე წუთზე კორნემ დაინდო და 6 მეტრიდან ონანას კარს ააცილა - 3:1.

მეორე მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ „სელტასთვის“ გასვლაზე ჰქონდა მოგებული (1:0) და უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გალისიელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ინგლისური გრანდი ბოლომდე ანერვიულეს.

სტუმრებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და რომ არა სერხიო რომეროს დიდებული თამაში, იაგო ასპასი მე-4 წუთზე ანგარიშს გახსნიდა. სამაგიეროდ, პირველივე შანსი გოლად აქციეს მასპინძლებმა: მარკუს რეშფორდის დიდებული ჩაწოდება მარუან ფელაინიმ შეირგო და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ მეკარეები მშვენივრად თამაშობდნენ და 85-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა. ნახსენებ დროს კი, ფაკუნდო რონკალიამ თავი ბურთს მშვენივრად დაუხვედრა და სერხიო რომერო ადგილზე გააშეშა.

ესპანელებს ფინალში გასასვლელად ერთი გოლის გატანა ყოფნიდათ და მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნათ და 88-ე წუთზე მოხდა მცირე ინციდენტიც, რაც საბოლოოდ ერიკ ბაილის და ფაკუნდო რონკალიას გაძევებით დასრულდა. „იუნაიტედმა“ კი დარჩენილ წუთებში გაძლო, ტაბლოზე სასურველი შედეგი დააფიქსირა და ფინალში გავიდა - 1:1.

ამრიგად, ევროპა ლიგის ფინალში ორი ძალიან ტიტულოვანი გუნდი გავიდა. ამ გუნდებს საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვთ მოგებული (4-ჯერ „აიაქსს“, 3-ჯერ „იუნაიტედს“), ხოლო „აიაქსს“ საერთოდაც უეფას ეგიდით გამართული ყველა ტურნირი აქვს მოგებული. ცნობისთვის, ამსტერდამულმა გრანდმა ევროპა ლიგა (მაშინდელი უეფას თასი) 1991/92 წლების სეზონში მოიგო, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეს ტურნირი არასდროს მოუგია და ახლა ამის დიდებული შანსი აქვს. სათქმელია, რომ "აიაქსი" 1996 წლის შემდეგ ევროტურნირის ფინალში პირველად გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 24 მაისს სოლნაში, „ფრენდს არენაზე“ გაიმართება.

მანჩესტერ იუნაიტედი - სელტა 1:1 (1:0)

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-2-3-1): რომერო, ბაილი, ბლინდი, ა.ვალენსია, დარმიანი, ერერა, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი (რუნი 86), მხიტარიანი (კერიკი 77), რეშფორდი (სმოლინგი 89).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, მალიო, ხონი, რადოია (ბონგონდა 68), პ.ერნანდესი, ვასი (ხოზაბედი 46), ასპასი, სისტო (ბივუ 80), გუიდეტი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 ფელაინი (17), 1:1 რონკალია (85)
გაფრთხილებები: ბლინდი, ერერა - ასპასი, კაბრალი
გაძევებები: ბაილი (88) - რონკალია (88)
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

ლიონი - აიაქსი 3:1 (2:1)

ლიონი, „პარკ ოლიმპიკ ლიონი“

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში, დიაკაბი, ნ’კულუ, მორელი (რიბუსი 75), რაფაელი, გონალონსი, ტოლისო, ვალბუენა (გეჟალი 77), კორნე, ფეკირი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

აიაქსი (4-3-3): ონანა, დ.სანჩესი, დე ლიგტი, ვიერგევერი, ველტმანი (ტეტე 64), ზიეჩი, შონე (ვან დე ბიკი 58), კლაასენი, იუნესი (კლიუვერტი 82), ბ.ტრაორე, დოლბერგი.
მწვრთნელი: პიტერ ბოში

გოლები: 0:1 დოლბერგი (27), 1:1, 2:1 ლაკაზეტი (45 პენ; 45+1), 3:1 გეჟალი (81)
გაფრთხილებები: მორელი, ტოლისო, დიაკაბი, ნ’კულუ, ფეკირი - ველტმანი, კლაასენი, ვიერგევერი
გაძევება: ვიერგევერი (84)
მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113457