ფეხბურთი

1:43 | 11.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული აფიშა: "იუვენტუსი" VS "რეალი" (+VIDEO)

3 ივნისი, კარდიფი, „მილენიუმი“ - უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „იუვენტუსი“ – „რეალი“ - მიმდინარე სეზონის მთავარი მატჩის მონაწილენი უკვე ცნობილია და შესაბამისად, უძლიერესი გუნდის ვინაობასაც გაეცემა პასუხი.

აღნიშნულ მატჩზე მცირე მონაკვეთით ქვემოთაც დავუბრუნდებით, მაგრამ მანამდე, ვთქვათ, როგორ მოხვდა იქ „რეალი“ – „სამეფო კლუბმა“ „ატლეტიკოსთან“ მატჩი კოშმარულად დაიწყო და უკვე მე-16 წუთზე „ვისენტე კალდერონზე“ ქამბექის სუნი დადგა. საულ ნიგეზისა და ანტუან გრიზმანის გოლებით მასპინძლებმა ანგარიში წაიყვანეს და ორმატჩიან დუელში მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. დიეგო სიმეონეს გუნდმა პირველ 15 წუთში მრისხანე მეტოქეს გასაქანი არ მისცა დ აყველა კომპონენტში აჯობა. მეტიც, ხშირი იყო ეპიზოდები, როცა დაბნეული „რეალის“ მოთამაშეები ბურთს უმისამართოდ იგერიებდნენ. თუმცა, რატომღაც, „როხიბლანკოზე“ მეორე გატანილმა გოლმა ცუდად იმოქმედა. არადა, წესით პირიქით უნდა მომხდარიყო და ფრთები შეესხა. გასაგებია, რომ შეუძლებელია ერთ ტემპში 90 წუთის თამაში, თანაც როცა „რეალს“ უპირისპირდები, მაგრამ თეთრ-წითლებმა სათამაშო უპირატესობა და მათ შორის ბურთი, მთლიანად ემტოქეს დაუთმეს. ამან კი, შეხვედრის სურათი რადიკალურად შეცვალა და ნელ-ნელა თამაშმა „ატლეტიკოს“ საჯარიმოს მისადგომებთან გადაინაცვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი სახიფათო მომენტის შექმნას ვერაფრით ახერხებდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ინდივიდულურმა ოსტატობამ გადაწყვიტა - ქარიმ ბენზემამ ტაიმის ბოლოს ისეთი რამ გააკეთა, შვილიშვილებზე ექნება მოსაყოლი. ბურთი ფლანგზე მიიღო, სამი მცველი ბავშვივით მოატყუა და ტონი კროოსს ფაქტობრივად საგოლედ უპასა. მართალია, გერმანელს იან ობლაკმა საოცარი სეივით აუღო, მაგრამ იქვე ისკო ალარკონი იდგა და ყველაფერი დაასრულა. სხვათა შორის, გეტყვით, რომ ისკო გახდა პირველი ფეხბურთელი რიკარდო კაკას შემდეგ, ვინც „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკოს“ გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. კაკამ კი, იგივე რამ 2014 წლის თებერვალში შეძლო... ამის მერე, „ატლეტიკოს“ 3 გოლი ჰქონდა გასატანი, რაც ბუნებრივია, ვეღარ მოახერხა. თუმცა, „ვისენტე კალდერონს“ მაინც თავაწეული დაემშვიდობა - გამარჯვებით. ისე, სიმბოლურია, ლეგენდარულ სტადიონს ამინდიც შესაბამისად დაემშვიდობა: ბოლო წუთები იყო, როცა მადრიდში კოკისპირულად გაწვიმდა, თითქოს ბუნებაც გლოვობდა ამ მშვენიერი არენის ისტორიის დასასრულს - იყო ამაში, რაღაც მისტიკური. ეს, ისე და, „რეალი“ ფინალში გავიდა ზედიზედ მეორედ. ზედიზედ მეორედვე აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ამას მოახერხებს. თუმცა, წინ კიდევ ერთი თამაშია.

თავის მხრივ, „იუვენტუსსაც“ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი: მიჯრით წაგებული ოთხი ფინალის შემდეგ, ტურინში მიაჩნიათ, რომ გამარჯვების დრო ახლა ნამდვილად დადგა. სხვათა შორის, გეტყვით, რომ 1992 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე მეტჯერ „მილანი“, „იუვენტუსი“ და „რეალი“ გავიდნენ: 6-6-ჯერ. აქვე გეტყვით, რომ 1998 წლის ფინალის რიმეიქი გველოდება. ვნახოთ, შეძლებს კი, „ბებერი ქალბატონი“ რევანში აღებას? - სიმბოლურია, რომ მაშინ „იუვეს“ ლიდერი ზინედინ ზიდანი იყო, რომელიც დღეს მადრიდის „რეალის“ თავკაცია. მოკლედ, წინ ძალიან ბევრი ინტრიგა და ძალიან დიდი მატჩი გველის დიდი გუნდების შესრულებით. დანარჩენს კი შეხვედრა გამოაჩენს: აჰა, ბურთი და აჰა, მოედანი - ახლა ჯერი გუნდებზეა!

„ატლეტიკო“ – „რეალი“ 2:1 (2:1) VIDEO

მადრიდი, „ვისენტე კალდერონი“

მაყურებელი: 50 000

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხიმენესი (პარტეი 56), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე (კორეა 76), გაბი, საულ ნიგეზი, კარასკო; გრიზმანი, ტორესი (გამეირო 56)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„რეალი“ (4-3-1-2): ნავასი; დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო (ვასკესი 77), მოდრიჩი; ისკო (მორატა 88); ბენზემა (ასენსიო 76), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 საულ ნიგეზი (12), 2:0 გრიზმანი (16, პენ), 2:1 ისკო (42)

გაფრთხილება: სავიჩი (6), გოდინი (34), გაბი (37), კორეა (86) - დანილო (4), რამოსი (34)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 18 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.367764