ფეხბურთი

19:24 | 9.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ტენდენცია 19-წლამდელთა ნაკრებისთვის

წინა წლებისგან განსხვავებით, ეროვნულ ლიგაში 17-18-19 წლის არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. ეს მითუმეტეს კარგია იმ დროს, როცა 19-წლამდელთა ევროპის ევროპის ჩემპიონატამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა.

შარშანდელმა საკონტროლო მატჩებმა და ოთხთა ტურნირმაც მაინცდამაინც ვერ გაგვახარა, რადგან გიორგი ყიფიანის გაწვრთნილები სუსტად გამოიყურებოდნენ. აი, წლეულს რუსეთთან ორჯერ გამარჯვებამ (1:0, 1:0) იმედი ჩაგვისახა. მართალია, რუსები მეტწილად ერთი წლით უმცროსებით იყვნენ დაკომპლექტებულნი, მაგრამ არც ჩვენ გვაკლდა ასეთები. რაც მთავარია, თამაშის ხარისხი იყო უკეთესი. ანუ, შარშანდელს სჯობდა.

ვფიქრობთ, ივლისში ნაკრებმა კიდევ უფრო უკეთ უნდა ითამაშოს. საფუძველი? ის, რითაც დავიწყეთ, 1998 და 1999 წელს დაბადებული არაერთი ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობს ეროვნულ ლიგა 1-ში. არიან ისეთებიც, ერთ ტაიმს, ან 30 წუთს რომ თამაშობენ და ესეც არაა ცუდი ჭაბუკი ფეხბურთელისთვის. არის კიდევ მესამე კატეგორია: ისინი ირიცხებიან ეროვნული ლიგა 1-ის კლუბში, ოღონდ სათამაშო პრაქტიკა ჯერ საერთოდ არ აქვთ და 19-წლამდელთა გუნდში, ან დუბლებში გამოდიან.

არ დავივიწყოთ ეროვნული ლიგა 2. იქ თუ სათამაშო პრაქტიკა აქვს 17-18 წლის ბიჭს, ცუდი ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, გააჩნია, როგორ თამაშობს და რა როლი აკისრია გუნდში.

შედარებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ადრინდელ 19-წლამდელთა ნაკრების გარშემო იყო. აბა, გავიხსენოთ ჯერ გია ცეცაძის, მერე კი ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ნაკრებები. ბიჭები უმაღლეს ლიგაში არ თამაშობდნენ: ბევრი მათგანი პირველლიგელ "ლოკომოტივში" იყო, ბევრნიც თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდთან ახლოსაც არ იყვნენ.

ხშირი პრაქტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი (ყველა - დინამო თბ), ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი კოხრეიძე (ყველა - საბურთალო), რატი არდაზიშვილი, ვატო არველაძე, დავით სამურკასოვი (ყველა - ლოკომოტივი) ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), თორნიკე დაგარგულია (შუქურა)

ნაკლები პრაქტიკა

ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ლუკა ქაფიანიძე, მიხეილ ერგემლიძე, დავით კობოური (ყველა - დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), თამაზ შალიკაშვილი (კოლხეთი), აკაკი ნინუა, ზაურ ხაბეიშვილი (ორივე - სამტრედია), ჯაბა გოგიტიძე (შუქურა)

ეს მხოლოდ ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე დავწერეთ. სია მაინც პირობითია, რადგან არის განსხვავება - მაგალითად, ჩაკვეტაძე ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მასზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ.

ლეგიონერებიდან კი, უპირველესად, გიორგი არაბიძე უნდა აღვნიშნოთ. მას უკვე ეროვნულ ნაკრებში აქვს გოლი გატანილი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129778