ბლოგი

21:44 | 8.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეტსახელები სპორტში

სპორტში მეტსახელები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მარცხი თუ გამარჯვება და თითქმის ვერ ნახავთ სპორტის სახეობას, სადაც მწვრთნელიდან დაწყებული და კონკრეტული სპორტსმენით დამთავრებული, ვინმე მეტსახელს არ ატარებდეს. ვისაც სპორტის ნებისმიერ სახეობაზე გვივლია კარგად ვიცით, რომ მეტსახელები, ანუ “კლიჩკები” ძალიან მარტივად იბადება და შეიძლება სახელის შერქმევის მიეზი ერთი შეხედვით მარტივზე მარტივი ამბავი თუ შემთხვევა გახდეს.

ალბათ ვერაფერი წარმოაჩენს ცალკეული სპორტსმენის ბუნებასა და შეხედულებას, როგორც ეს მასზე შერქმეულ მეტსახელს ძალუძს. ისეთი მეტსახელები, მაგალითად, როგორიცაა" ჩორნა”, "შურიკა”, "ხიპიშა”, "პაწო”, "მურტალო”, "ტუკნა” აუცილებლად ჯდება რაღაც გარკვეულ ლოგიკაში. და ჩვენ როცა მოვისმენთ ვინმეზე შერქმეულ ასეთ "ალოგიკურ” "კლიჩკებს”, ხსენებული ადამიანი საერთოდაც რომ არ გვყავდეს ნანახი, მაინც უმალ გაჩნდება ჩვენს წარმოსახვაში მისი პორტრეტი _ დაბალტანიანი გამხდარი "პაწო”, სულ ჩხუბზე თვალდაჭყეტილი "ხიპიშა”, მუდამ დაბნეული, "შურიკა”, შავგვრემანი "ჩორნა” და სხვა..

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში არანაკლებ გავრცელებულია ისეთი მეტსახელებიც, რომელთა შერჩევის მიზანი ფრიად გაუგებრად გვეჩვენება და ძნელია, ისინი რაიმე ლოგიკურ ჩარჩოებში ჩავსვათ. აბა, განა არ დაიბნევა ნებისმიერი გარეშე ადამიანი, როცა ახალ გუნდში გადახვალ, გაგაცნობენ აყლაყუდა ბიჭს და გეტყვიან, რომ რომ მას "გარშოკა” ჰქვია, მის ძმას კი _ "ნუკაბაძა” (ნუ პაგადიში არ შეგეშალოთ), ანდა ახალგაცნობილი ლამაზი გოგნა დარცხვენით რომ იტყვის _ ნამდვილი სახელი ნანა მქვია ისე კი ყველა "ფერჩატკას” მეძახისო.

საქართველოში, ადამიანისთვის მეტსახელის შერჩევაში არა მხოლოდ მისი სპორტული ამბები, თანაგუნდელები, უბანი, სკოლა, არამედ ზოგჯერ მშობლებიც კი მონაწილეობენ. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და ძირითადად წინა საუკუნის 30-40-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს ხომ მართლაც სამეტსახელო სახელებს არქმევდნენ: ლენსტანბერი (რაც გაშიფვრისას ნიშნავს: ლენინი, სტალინი, ბერია), დაზმირი (და ზდრავსტვუეტ მირ), მაუზერი, ანაპოლისტი, მებრძოლი (გალის ყოფილი პროკურორი, მებრძოლი ჭკადუა) და სხვა უამრავი. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შვილიშვილებს, როგორც წესი ბაბუა-ბებიის სახელს არქმევენ ხოლმე, წარმოიდგინეთ დღეს რა სიტუაციაში უნდა იყვნენ ამ სახელების მქონე წინაპართა შვილიშვილები.

ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, ჭირივით რომ ეჯავრებათ მეტსახელები და ყველასგან მოითხოვენ _ "ასე არასდროს მიმართონ”. არადა, საერთოდ როცა "ნათლიები” ხედავენ, მათ "ნათლულს” მეტსახელი არ მოსწონს, უფრო სტიმულირდებიან და სპეციალურად ცდილობენ, მიწებებული მეტსახელის ხშირი ხსენებით უფრო გააბრაზონ. ამიტომ ჩემი აზრით, უსიამოვნო მეტსახელიდან თავის დაღწევის ყველაზე კარგი გამოსავალი ის არის, რომ თვითონვე მოიგონო საკუთარ თავზე ყველაზე მისაღები მეტსახელი და სხვას დააბრალო _ ამან და ამან შემარქვაო. რაც მთავარია, თავი უნდა დაიჭირო ისე, თითქოსდა ეს მეტსახელი ძალიან არ მოგწონს და ბრაზდები. დამერწმუნეთ, ამის შემდეგ თქვენივე შერქმეული მეტსახელის საბოლოოდ შერჩენა პრაქტიკულად განაღდებული გაქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117466