ფეხბურთი

18:36 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამტრედიელებმა რაჟამაშვილის დუბლით მოიგეს

საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" გორში 2:1 სძლია გორის "დილას" და მეხუთე ადგილზე გადავიდა. სამტრედიელები სტუმრად აგროვებენ ქულებს, თორემ შინ, "ეროსი მანჯგალაძეზე" ჯერ არ მოუგიათ. აი, "დილას" კი ერთადერთი გამარჯვება აქვს აქტივში და ისიც მესამე ტურში, თბილისის "დინამოსთან" გასვლაზე. "დილა" ბოლოდან მესამეზეა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "სამტრედიას" შემტევი დავით რაჟამაშვილი იყო. რაჟამაშვილი თავიდან სწორედ "დილაში" თამაშობდა და სწორედ, გია ცეცაძის მწვრთნელობის დროს გამოჩნდა პირველად.

52-ე წუთზე რაჟამაშვილმა ვარდნაში თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. კარგი კონტრშეტევა იყო და და დავით ჩაგელიშვილმა გასწია ასისტენტობა.

"დილამ" შეცვლაზე შესული ტარავალიეს გოლით გაათანაბრა. ლეანდრომ კარგი პასი გაუკეთა ტარავალიეს, რომელმაც ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი კარში - 1:1.

ბოლოს კი ისევ რაჟამაშვილმა გაიტანა და ისევ კონტრშეტევის შემდეგ. მანამდე რამდენიმე წამით ადრე, "დილა" პენალტს ითხოვდა - ლეანდრო აწვდიდა და ლაშა კასრაძეს ხელზე მოხვდა ბურთი.

კიდევ, რაჟამაშვილის დარტყმულზე გორელთა მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი ვერც გადახტა. შესაძლოა, ეს ტრავმის ბრალიც იყო, რომელიც ორი წუთით ადრე მიიღო. მუჯრიშვილმა ფეხი იტკინა და შესაძლოა, მწვრთნელს შეეცვალა კიდეც, მაგრამ ლიმიტი უკვე ამოწურული იყო...

დილა - სამტრედია 1:2 (0:0)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ფოფხაძე, გაგოშიძე (წიქარიძე 46), პაპავა, ძარია (დერეტი 73), ნუბიო (ტარავალიე 66), კირკიტაძე, ლეანდრო, მათიაშვილი

მწვრთნელი: ზივ არიე

სამტრედია: მიგინეიშვილი, ახალაძე, კასრაძე, გოგიაშვილი, სუხომლინოვი (მჭედლიშვილი 72), დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (მთივლიშვილი 90+6), რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 81), ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გილები: 0:1 რაჟამაშვილი (52), 1:1 ტარავალიე (71), 1:2 რაჟამაშვილი (85)

გაფრთხილება: ფოფხაძე - ახალაძე, ჯიქია, მიგინეიშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია

მსაჯი: ხორავა

მეცხრე ტურის ბოლო მატჩს რაც შეეხება, ქუთაისში ამჟამად მიმდინარეობს "ტორპედო"-"დინამო".

0.114765