ბლოგი

19:53 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეჰ ზაზა...

არ ვიცი, შეიძლება არ იყოს სწორი ზაზა ჯანაშიას მიერ რუსულ www.championat.com-სათვის მიცემულ ინტერვიუზე ამდენი საუბარი და ამ თემის ზედმეტად წინ წამოწევა, მაგრამ ადამიანებს რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და გვტკივა, წესით სწორედ იმაზე უნდა იწერებოდეს და ითქმოდეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ მედია ზუსტადაც რომ სათქმელის თქმისათვის არსებობს.

ამ 2 კვირის წინ ალბათ უმეტესობამ წაიკითხეთ საქართველის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ზაზა ჯანაშიას რუს ჟურნალისტებთან მიცემული ინტერვიუ, სადაც ის პროპაგანდირებს რუსეთის მიერ დიდი ხნის წინ თავსმოხვეულ სამარცხვინო აზრს, რომ თითქოს რუსეთს (ამ შემთხვევაში კი პუტინის რუსეთს) საქართველოსთვის კარგი სურდეს და ევროპაზე მეტად სწორედ ე.წ. რუსული არჩევანია ჩვენთვის სწორი და გამართლებული.

საკუთარი აზრის ქონას ზაზა ჯანაშიას კი არა, ანდრეს ბრეივიკსაც კი ვერ დავუშლით და ყველას აქვს უფლება თუნდაც სისულელე ჭეშმარიტებად ასაღოს, მაგრამ, ეს სიტყვები განსაკუთრებით გულსატკენია მისგან, ვისაც წლების მანძილზე დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მაისური ეცვა და ყველა ქართველი ქომაგის ალალ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა.

„ყველას უნდა ახსოვდეს რომ რუსები და ქართველები ყოველთვის უახლოესი მეგობრები იყვნენ - ისტორიის ამ მონაკვეთზე ჩვენი მხრიდან უარის თქმა არ შეიძლება“ - ამბობს ზაზა და სამწუხაროდ არაერთი ჩვენი ტვინგაღუნული თანამემამულე ეთანხმება ამ ყოვლად წარმოუდგენელ ტყუილსა და აბსურდს. ეს ის სიტყვებია, რის გამოც რიგით ქართველს შეიძლება სამართლიანად დაატყდეს საზოგადოების გულისწყრომა. ზაზა ჯანაშია კი როგორც ჩანს ფიქრობს, რომ ყველაფერი ეპატიება და მოკლე მეხსიერებით „სახელგათქმული“ ქართველები მას ყველაფერს შეუნდობენ. არადა, ხალხისათვის წითელი ხაზების გადალახვის დავიწყება წესით არც ისე ადვილი უნდა იყოს.

გაოსაცარია როგორც ზაზა ამბობს მაინც როდის, რომელ დროსა და ეპოქაში იყო რუსეთი ჩვენი უახლოესი მეგობარი? იქნებ 1801 წელს იყო, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო მოტყუებით მიეერთა, სახელმწიფოებრიობა დააკარგვინა და საქართველო რუსეთის ორ გუბერნიად აქცია? იქნებ მანამდე, გენერალი ტოტლებენის გაქცევა და ურიცხვ მტერთან საქართველოს მარტო მიტოვება იყო ძმობა და სიყვარული? იქნებ მაშინ იყვნენ ძვენი ძმები, როდესაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმეს და რუსმა ეგზაქროსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა? შეიძლებას ძმობას იმას ეძახიან, რაც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ქართველებს უქნეს? იქნებ ტაძრების კირით შეღებვა და ნგრევაა ძმობა? იქნებ სულ ძმობითა და სიყვარულით ამოხოცეს საუკეთესო ქართველები გასული საუკუნის ახალი ოკუპაციისას და 1921 წელს თბილისის აღების დროს და შემდეგ უკვე 30-იან წლებში? შეიძლება 9 აპრილი იყო ძმური სიყვარულის გამოხატულება და აფხაზეთში განადგურებული ქართველების მომავლის იმედები იყო რუსული სიყვარულის ნაყოფი? სამაჩაბლოს გადამაწვარი სოფლები და აფეთქებული საფლავები ხომ არ მეტყველებენ რუსეთის სიკეთეებზე? იქნებ გიორგი ანწუხელიძე საერთოდ არც დაბადებულა სოფელ ქვემო ალვანში...

არა ზაზა, ასე არ შეიძლება! ეს სიტყვები უკვალოდ მერწმუნე არ გაქრება და სულ რომ ახდეს წუნკალი რუსი შოვინისტების და პუტინის ოცნებები და კიდევ ერთხელ მთლიანად მიგვიერთოს რუსეთმა - აქ მაინც დარჩებიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ შენს სიტყვებს და ყოველთვის ეცოდინებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრების ფორმა ეცვა ადამიანს, რომელიც რუსული უშიშროების მიერ თავსმოხვეულ ნარატივს სამარცხვინოდ ბოდავდა და მიაჩნდა, რომ: „პუტინი რასაც აკეთებს, თავისი ხალხისთვის აკეთებს, მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს შენარჩუნება სურს“. ძალიან დიდი სირცხვილია ეს ყველაფერი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121987