ფეხბურთი

20:10 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" მესამე 5:0!

ნაკლებად თუ ელოდა ვინმე ასეთ ანგარიშს. 5:0 - თბილისის "ლოკომოტივმა" საჩხერის "ჩიხურა" გაანადგურა და სადღეისოდ ჩემპიონატის ლიდერია, ბურთების შეფარდებით უსწრებს თბილისის "დინამოს", რომელსაც ქუთაისის "ტორპედოსთან" ელის გასვლითი მატჩი.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ამ სეზონში უკვე მესამედ მოიგო 5:0. ასე იყო "შუქურასთან" და "კოლხეთთან", თუმცა საჩხერელებთან ასეთი ანგარიშით გამარჯვება უფრო შთამბეჭდავია.

გოლებს რაც შეეხება. მე-14 წუთზე დავით სამურკასოვმა გრძელი პასი გააკეთა გიორგი დიასამიძისკენ, მან კი მკერდით, ერთ შეხებაში მოძებნა ირაკლი სიხარულიძე და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მეკარესთან პირისპირ გასვლისას ზუსტად დაარტყა - 1:0.

შემდეგ, 71-ე წუთამდე გოლი არ გასულა, ბოლოს კი ცუდად წაუვიდათ საქმე საჩხერელებს. "ლოკოს" კაპიტანმა დავით უბილავამ შორიდან დაარტყა, ბურთი გიორგი განუგრავას მოხვდა, მიმართულება იცვალა და 2:0.

მალევე, ვატო არველაძემ გააყოლა ბურთი მამია გავაშელიშვილს, რომელმაც პირველი ცდიდან ვერ აჯობა მეკარე დინო ჰამზიჩს, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და მაინც მოახერხა გატანა - 3:0.

ისევ გავაშელიშვილი. შეცვლაზე შესულმა მამიამ სამ წუთში დუბლი მიითვალა. მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში, ბაქარ მირცხულავას გასცდა და ახლო კუთხეში დაურტყა ჰამზიჩს - 4:0.

ბოლოს უკვე მოშლილი იყო სტუმართა დაცვა, "ლოკოს" ფეხბურთელებმა ნება-ნება ათამაშეს ბურთი, ბოლოს გავაშელიშვილმა გაუკეთა პასი სიხარულიძეს და მანაც ცაციით შეაგდო - 5:0.

სიხარულიძეს უკვე 10 გოლი აქვს აქტივში და ბომბარდირთა სიაში პირველია. გავაშელიშვილს კი 8 ბურთი აქვს გატანილი. გიორგი დევდარიანის გუნდი ამ ტურამდეც ყველაზე შედეგიანი იყო ჩემპიონატში. ახლა უკვე 23 გოლი მოუგროვდათ.

ლოკომოტივი - ჩიხურა 5:0 (1:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი, კიკნაძე (გავაშელიშვილი 65), ჭანტურია, დიასამიძე (არველაძე 72), კომახიძე (თომაშვილი 80), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე (ჩიკვაიძე 69), განუგრავა, კორიფაძე, ივანიშვილი (დეკანოიძე 73), სარდალიშვილი, ლექვთაძე, ტატანაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 სიხარულიძე (14), 2:0 უბილავა (71), 3:0 გავაშელიშვილი (75), 4:0 გავაშელიშვილი (77), 5:0 სიხარულიძე (85)

გაფრთხილება: ჭანტურია, ხიდეშელი - ლექვთაძე, კაკუბავა

გაძევება: გელაშვილი (43, სათადარიგოთა სკამზე)

მსაჯი: ნინუა

ტურის სხვა მატჩების განრიგი:

29 აპრილი

20:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო - შუქურა

30 აპრილი

13:30. ქობულეთი. ჩელე არენა. კოლხეთი - დინამო ბთ

15:30. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა - სამტრედია

17:30. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო - დინამო თბ

1. ლოკომოტივი 9 5 3 1 23 7 +16 18 დბთ
2. დინამო თბ 8 6 0 2 14 4 +10 18 ტორ
3. ტორპედო 8 4 3 1 12 7 +5 15 დთბ
4. ჩიხურა 9 4 1 4 11 13 -2 13 დილ
5. საბურთალო 8 4 0 4 8 10 -2 12 შუქ
6. სამტრედია 8 3 2 3 6 8 -2 11 დილ
7. დინამო ბთ 8 3 0 5 6 9 -3 9 კოლ
8. დილა 8 1 5 2 7 8 -1 8 სამ
9. კოლხეთი 1913 8 2 1 5 11 16 -5 7 დბთ
10. შუქურა 8 0 3 5 5 21 -16 3 საბ

ბომბარდირები

სიხარულიძე (ლოკომოტივი) - 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) - 8, კოვტალიუკი (კოლხეთი), არაბული (დინამო თბ) - 5

0.109069