ავტოსპორტი

18:05 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ სასტარტო მოწინავე რიგი დაიპყრო

სებასტიან ფეტელმა სოჭის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და „ფერარის“ 2015 წლის შემდეგ პირველი პოულ პოზიცია მოუპოვა. უფრო მეტიც, მეორე შედეგი მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა აჩვენა და ამგვარად, რბოლის სასტარტო მოწინავე რიგს წითელი ბოლიდები დაიკავებენ.

ფეტელისთვის ეს კარიერაში 47-ე პოულ პოზიციაა. „ფერარისთვის“ კი, 2008 წლის შემდეგ მხოლოდ მეექვსე. ამ გამარჯვებით, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა შეწყვიტა „მერსედესის“ პოულების სერია, რომელიც ზედიზედ 18 რბოლა გრძელდებოდა. სამქიმიანების პილოტები - ვალტერი ბოტასი და ლუის ჰამილტონი რბოლას მესამე და მეოთხე პოზიციებიდან დაიწყებენ.

შესაძლოა, ეს გარდატეხის მომენტიც გახდეს, რადგან აქამდე „მერსედესს“ კვალიფიკაციაში ბადალი არ ჰყავდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი სამი ეტაპიდან ფეტელს ორი აქვს მოგებული და ჰამილტონს 7 ქულას უგებს. და მართალია, სეზონის დასრულებამდე ჯერ ბევრი დროა, თუ ფეტელი და სკუდერია რბოლაშიც პირველები იქნებიან, გერმანელი პილოტი სოლიდურ უპირატესობას მიიღებს.

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ სოჭის წინ გახმაურდა ის შესაძლო მიზეზი, რომელიც სამქიმიანებს კვცალიფიკაციაში გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა. გავრცელებული ვარაუდით, „მერსედესის“ ძრავი საკვალიფიკაციო რეჟიმში, საწვავის დამატებით ულუფას იყენებდა (ძრავის ზეთის სახით). სოჭის ეტაპის წინ, FIA-მ ძრავის ზეთის კონტროლი გაამკაცრა და არაა გამორიცხული, რომ კვალიფიკაციაში „მერსედესის“ მარცხიც ამის შედეგი იყოს.

ასეა თუ ისე, „ფერარის“ პილოტები წინა რიგს, ბოლო ცხრა სეზონში პირველად შეავსებენ. ბოლოს ეს მათთვის საფრანგეთის 2008 წლის ეტაპზე ფელიპე მასამ (პოული) და რაიკონენმა გააკეთეს. რაც შეეხება „მერსედესს“, ბოლო რბოლა, როცა მისმა პილოტებმა პირველო რიგში დადგომა ვერ შეძლეს, იყო სინგაპურის 2015 წლის დიდი პრიზი.

„ჩემი პირველი ცდა არ იყო უშეცდომო. ამიტომ აქცენტი ბოლო ცდაზე გავაკეთე, რომელზეც ბოლო სექტორზე დრო გავაუმჯობესე და მაშინვე რადიოთი ვკითხე ჩემებს, სხვებს რა დროები ჰქონდათ. და როცა გავიგე, რომ ყველა დავამარცხე, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. ამ საღამოს მანქანა ფენომენური იყო“, - განაცხადა ფეტელმა.

კვალიფიკაციის პირველ ორ ნწილში ყველაზე სწრაფი ბოტასი იყო. მესამე ნაწილში თავიდან რაიკონენი დაწინაურდა, რომელსაც ბოტასი მცირედით ჩამორჩა. ბოლო წამებამდე იყო იმის შანსი, რომ წინა რიგი ორ ფინელ პილოტს დაეკავებინა. და ეს ფ1-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნებოდა. მაგრამ ფეტელმა ფინური პირველი რიგი სხვა დროისთვის გადადო.

რაც შეეხება ჰამილტონს, მას მეოთხე ადგილზე იშვიათად ვხედავთ. სამგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ბოლო სექტორში ბევრი დრო დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ბაჰრეინის კვალიფიკაცია ბოტასმა მოიგო (კარიერაში პირველი პოული), მანამდე კი ზედიზედ ექვსი კვალიფიკაცია ჰამილტონს აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ სოჭი (ძირძველი ქართული მიწა) ფ1-ის რბოლას 2014 წლიდან მასპინძლობს და წინა ორ რბოლაში, ყველა წრეზე „მერსედესის“ პილოტები ლიდერობდნენ.

სოჭის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33.194
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.253
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:33.289
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33.767
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:34.905
  6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:35.110
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:35.161
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:35.285
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:35.337
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:35.430

- - - - - - - - - -

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:35.948
  2. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:35.964
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:35.968
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:36.017
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:36.660

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:36.462
  2. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:37.070
  3. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:37.332
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:37.507
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:37.620
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111375