კალათბურთი

16:43 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ქუთაისმა“ მთავარი მატჩი მოიგო

დღეს 2016-17 წლების საქართველოს საკალათბურთო თასის ფინალური შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს თასის მფლობელი „დინამო“ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.

მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტად „დინამო“ მიიჩნეოდა, რომელსაც ამ სეზონში ყველაფერი ჰქონდა მოგებული, სუპერთასის, დუდუ დადიანის მემორიალისა და რეგულარული ჩემპიონატის ჩათვლით. მიმდინარე სეზონის პირად შეხვედრებშიც „დინამო“ ლიდერობდა, რომელმაც 6-ჯერ (4 რეგულარული, 1 სუპერთასის ფინალი, 1 დადიანი მემორიალი) მოიგო.

პროგნოზის საპირისპიროდ, ქუთათურებმა შეძლეს მეშვიდე შეხვედრაში ნავსის გატეხვა, მეტოქე 86:77 დაამარცხეს და გუნდის არსებობის ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ საქართველოს თასს.

დავუბრნდეთ დღევანდელ შეხვედრას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფავორიტად „დინამო“ მიჩნეული. მაგრამ შეხვედრა ქუთათურების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 17 ქულის სხვაობით - 26:9 მოიგეს. კოტე ტუღუშის შეგირდები განსაკუთრებით სამქულიანი ზონიდან აქტიურობდნენ. მეორე მეოთხედში იყო მომენტი, როცა სტუმრები 25 ქულის სხვაობითაც კი დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში „ქუთაისმა“ 13-დან 9, ხოლო „დინამომ“ 14-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დიდი შესვენების შემდეგ, მესამე მეოთხედში „დინამო“ გააქტიურდა, რომელმაც 8 ქულამდე შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება - 60:68. „ქუთაისმა“ ეს უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 86:77 მოიგო.

მატჩის MVP-დ ქუთაისელი აკაკი ლომოური დაასახელეს, რომელმაც გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 19 ქულა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი კი დინამოელთა კაპიტანი ილია ლონდარიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულაა.

კოტე ტუღუში: „დიდი მადლობა გულშემატკივრებს და მოთამაშეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ შეხვედრის მოსაგებად. სერიოზული მეტოქე გვყავდა, რომელთანაც ამ შეხვედრამდე 0:6 ვაგებდით. ამ შეხვედრაში იყო იღბალიც, მონდომებაც. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შევძელით გამარჯვების მოპოვება და თასს დავეუფლეთ. წინ პლეი-ოფის მატჩებია და ვეცდებით, ჩემპიონის ტიტული შვინარჩუნოთ და დუბლი შევასრულოთ“.

აკაკი ლომოური: „ძალიან გახარებული ვარ. რა თქმა უნდა, ველოდით გამარჯვებას, მაგრამ ასეთ უპირატესობას - ნამდვილად არა. არც იმას ველოდი, რომ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელბდნენ, რადგან ორივე გუნდში კარგი კალათურთელები თამაშობენ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა“.

დინამო - ქუთაისი 77:86 (9:26, 25:26, 26:16, 17:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112114