ჭიდაობა

0:23 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაიმაზოვი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივის

თავისუფალი სტილით მოჭიდავე არტურ ტაიმაზოვმა (უზბეკეთი), რომელსაც დოპინგ-სინჯების განმეორებითი შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2008 წელს პეკინში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) სააპელაციო საჩივრით მიმართა.

ეს ინფორმაცია თავად საარბიტრაჟო სასამართლომ გაავრცელა. CAS-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ უზბეკმა მოჭიდავემ არტურ ტაიმაზოვმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა აპელაციით და გაასაჩივრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე აღებული სინჯების ხელმეორე ანალიზისას აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატების (ტურინაბოლი და სტანოზოლოლი) გამო, მას ჩამოერთვა მძიმე წონის მოჭიდავეთა შეჯიბრებაში 2008 წელს პეკინში მოპოვებული ოქროს მედალი.

გარდა პეკინისა, არტურ ტაიმაზოვს ოქროს მედალი მოპოვებული აქვს ათენისა (2004) და ლონდონის (2012) ოლიმპიურ თამაშებზეც. ლონდონში მან ფინალში დაამარცხა ქართველი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი. 2012 წლის დოპინგ-ტესტებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116704