ფეხბურთი

3:00 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: მანჩესტერელებმა ქულები გაიყვეს

გამოტოვებულმა მანჩესტერულმა დერბიმ გულშემატკივრების იმედი დიდად ვერ გაამართლა. შეხვედრა სანახაობრივი აშკარად ვერ გამოდგა: საკმაოდ ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

“იუნაიტედი” შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა (იბრაჰიმოვიჩის, პოგბას, მატას, როხოს, სმოლინგის და ჯონსის გარეშე). შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ თამაშმა “სიტის” სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში “სიტი” გაცილებით მეტს უტევდა, ვიდრე “იუნაიტედი”, მაგრამ მასპინძლებმა მხოლოდ ერთი რეალური საგოლე შანსი შექმნეს, რომელიც სერხიო აგუერომ ვერ გამოიყენა: არგენტინელმა ფორვარდმა მე-9 წუთზე ახლო მანძილიდან ძელს მოარტყა ბურთი. სტუმრებს ორი 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდათ – 25-ე წუთზე ჰენრიხ მხიტარიანმა კლაუდიო ბრავოს ვერ აჯობა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ანდერ ერერას თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

“ქალაქელები” მეორე ნახევარშიც აქტიურობდნენ: ბურთს დიდხანს ფლობდნენ, ბევრსაც უტევდნენ, თუმცა ეს იერიშები სახიფათო ნაკლებად იყო. ყველაზე საინტერესო მატჩის ბოლო წუთები გამოდგა: 83-ე წუთზე მარუან ფელაინიმ აგუეროსთან უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ბელგიელი მოთამაშე ამან ძალიან გააბრაზა, იმავე წუთს არგენტინელს კიდევ ერთხელ ეუხეშა, რაც სერხიომ ვეღარ მოითმინა და ფეხბურთელები წაკამათდნენ, ეს კი იმით დასრულდა, რომ ფელაინიმ მეტოქეს სახეში თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ მინდორზე ტრავმა მოშუშებული გაბრიელ ჟეზუსი შეუშვა, რომელიც კინაღამ შეხვედრის გმირი გახდა: მან 90-ე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და პრემიერლიგაში “იუნაიტედის” 24-მატჩიანი წაუგებელი სერია გაგრძელდა – 0:0.

მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო (კაბალიერო 79), ოტამენდი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, სანე (ნავასი 80), დე ბრუინი, სტერლინგი (გაბრიელ ჟეზუსი 86), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, ბაილი, ბლინდი, დარმიანი, ა.ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი, მხიტარიანი (ფოსუ-მენსა 86), მარსიალი (ლინგარდი 80), რეშფორდი (იანგი 93).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილებები: გაბრიელ ჟეზუსი – ფელაინი
გაძევება: ფელაინი (84)
მსაჯი:
მარტინ ატკინსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099104