ავტოსპორტი

1:09 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„რენო“ სიჩქარის დეფიციტს ახალი წინა ფრთით აღმოფხვრის

„რენო“ ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული ეტაპებიდან, ბოლიდზე ახალ წინა ფრთას გამოიყენებს და იმედი აქვს, რომ მისი მეშვეობით, სარბოლო რეჟიმში სიჩქარის გაზრდას შეძლებს. ახალი ფრთის დებიუტი სოჭის დიდ პრიზზე იგეგმება, ტესტები კი მას ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ ჩაუტარდა.

ბაჰრეინში გამოჩნდა, რომ საკვალიფიკაციო რეჟიმში, მანქანა სწრაფია და პილოტებს კარგი შედეგების საშუალებას აძლევს, თუმცა რბოლაში მიღწეულის შენარჩუნება ვერ ხერხდება, რაც სარბოლო ტემპი სასურველზე დაბალი იყო. სოჭიდან კი, ახალი ფრთის დახმარებით, ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს.

„აშკარაა და ამასთან დაკავშირებით არავითარი ილუზია არ გაგვაჩნია, რომ კვალიფიკაციაში უკეთ ვასპარეზობთ, ვიდრე რბოლაში. და ეს ჩვენი მანქანის შესაძლებლობების გამოვლენაა. დროულად გავარკვიეთ ამის მიზეზი და რამდენიმე სიახლე შევიმუშავეთ, რომლებიც პრობლემის გამოსწორებაში დაგვეხმარება. ეს პრობლემები აეროდინამიკას და საკიდარს უკავშირდებოდა. ბაჰრეინში ახალი ნაწილები, მათ შორის ახალი წინა ფრთა გამოვცადეთ და დავრწმუნდთ, რომ ამით მანქანის სარბოლო ტემპი გაიზრდება“, - ამბობს „რენოს“ გუნდის ტექნიკური დირექტორი ბობ ბელი.

ის აღიარებს, რომ RS17 არაა ისე კარგად დაბალანსებული, როგორც ისურვებდა. სწორედ ეს გარემოება არ იძლევა მისი პოტენციალის სრულად ათვისების საშუალებას. „ამ გარემოებას კვალიფიკაციაზე მეტნაკლებად გამოასწორებ, როცა ახალი საბურავები ბალანსის პრობლემის დაფარვის საშუალებას გაძლევს. მაგრამ რბოლისას მთავარი სტაბილურობაა, რაც ბალანსის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ მიიღწევა. RS17 მოსახვევებში შესვლისას ნერვიულად იქცევა, შუა მოსახვევში არასაკმარისი მოხვევადობა აქვს, მოსახვევიდან გამოსვლისას კი სასურველი ჩაჭიდების მიღწევა უჭირს. თუ ჩვენ ამ პრობლემების აღმოფხვრას შევძლებთ, მაშინ ჩვენი პილოტების ხელში ძალიან ეფექტური სარბოლო მანქანა აღმოჩნდება“, - აცხადებს ბელი და დასძენს, რომ თუ მოსახვევში შესვლის პრობლემა მოგვარდა, დანარჩენი უფრო იოლად გადაიჭრება.

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე რბოლას ქალაქ სოჭის ოლიმპიური ავტოდრომი 30 აპრილს უმასპინძლებს.

0.111483