ფეხბურთი

2:30 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსის” იოლი 3 ქულა

პრემიერლიგის 34-ე ტური გასულ უიკენდზე სრულად არ ჩატარებულა, რადგან გუნდებმა ასოციაციის თასის 1/2 ფინალი ითამაშეს. შესაბამისად, გადადებული თამაშები მიმდინარე შუა კვირაზე გადანაწილდა: სამშაბათს ერთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო სამი დაპირისპირება დღეს შედგება.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონს” დაუხვდა და 3 ქულის აღება დიდად არ გასჭირვებია. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და ანგარიში მე-5 წუთზევე გახსნეს: დიეგო კოშტამ მშვენივრად ითამაშა, მცველების ყურადღება მიიქცია და შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ედენ აზარი მოძებნა, რომელმაც ფრეიზერ ფორსტერს შორეულ კუთხეში გაუტანა. “წმინდანებმა” წონასწორობა ოციოდე წუთში აღადგინეს - მანოლო გაბიადინიმ ორიოლ რომეუს ცარილ კარში გაატანინა. მასპინძლებმა ტაიმი მაინც მოიგეს, გარი კეჰილმა თავური დარტყმით შეაგდო და “საუთჰემპტონს” გოლი გასახდელში გაატანეს.

“არისტოკრატებმა” მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე დიეგო კოშტამ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა, ხოლო 89-ე წუთზე “ჩელსის” საუკეთესო ბომბარდირმა მასპინძელთა მშვენიერი კომბინაცია დაასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. დარჩენილ დროში რაიან ბერტრანმა თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა და “საუთჰემპტონი” დიდი ანგარიშით აღარ დამარცხდა – 4:2.

“ჩელსიმ” 78 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს, რომელიც თავის შეხვედრას დღეს გამართავს.

ჩელსი – საუთჰემპტონი 4:2 (2:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, ლუისი, აზპილიკუეტა, კეჰილი, მატიჩი, კანტე, ალონსო, მოზესი (ტერი 86), ფაბრეგასი (პედრო 77), აზარი (ვილიანი 90), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, სტეფენსი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, უარდ-პროუსი (ლონგი 82), ს.დევისი, ბუფალი (რედმონდი 68), ტადიჩი, გაბიადინი (ჯ.როდრიგესი 86).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0 აზარი (5), 1:1 რომეუ (24), 2:1 კეჰილი (45+1), 3:1, 4:1 კოშტა (53; 89), 4:2 ბერტრანი (94)
გაფრთხილებები: კანტე, ფაბრეგასი – რომეუ, ტადიჩი
მსაჯი: ლი მეისონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126618