ფეხბურთი

2:27 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თავადების" თავადური ნახევარფინალი (+VIDEO)

“მონაკოს” ოცნება გრძელდება – “მონეგასკები” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 13 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხვდნენ, სრულიად დამსახურებულადაც. ბევრი იქადნა მატჩამდე “დორტმუნდის” დამრიგებელმა ტომას ტუხელმა, ჩვენ შემტევი გუნდი ვართ და შეგვიძლია ორბურთიანი სხვაობით მოვიგოთო, მაგრამ პირიქით კი, მოხდა...

“მონაკო” მთელი სეზონია ამტკიცებს, რომ ხელწამოსაკრავი და დროებითი გუნდი სულაც არაა. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მიმდინარე სეზონში “მონაკო” “იუვენტუსთან” ერთად, ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ე.წ ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი აქვს. რაც შეეხება “ბორუსიასთან” საპასუხო მატჩს – ერთი კვირის წინ გერმანიაში დაწყებული საქმე მასპინძლებმა სახლში იდეალურად განაგრძეს და უკვე მესამე წუთზე კილიან მბაპემ მორიგი გოლი შეაგდო. 18 წლის უნიჭიერესი შემტევი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასების პლეი-ოფის პირველ ოთხ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. მბაპემ “სიტისა” და “დორტმუნდს” ყველა შეხვედრაში გაუტანა, რაც სახუმარო შედეგი არაა. მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა, ლეონარდო ჟარდიმის ძალიან სიმპათიური გუნდი არ გაჩერებულა და მალე, მეორეც შეაგდო: ტომას ლემარის ჩაწოდებას რადამელ ფალკაოს გოლი მოჰყვა. კოლუმბიელმა ევროთასებზე 50-ე მატჩში 45-ე გოლი შეაგდო, რაც ცალსახად დიდებული შედეგია.

ტომას ტუხელი ამასობაში ხვდებოდა, რომ მისი გუნდის საქმე კარგად არ იყო, თუმცა, ჩანდა, რომ “დორტმუნდი” მეტოქეს ჩამოუვარდებოდა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანელებს იმედი ჩაესახათ, როცა მარკო როისმა ერთი ბურთი გაქვითა. წინ თითქმის მთელი ტაიმი იყო და “დორტმუნდი” ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ მატჩის ბოლოს კონტრშეტევა გამოეპარა და ჟერმენმა საბოლოოდ წერტილი დასვა. სხვათა შორის, “მონაკოს” კაპიტანი მოედანზე სულ რაღაც 22 წამის შესული გახლდათ და ეს ყველაზე სწრაფი გოლია მიმდინარე სეზონში ცვლილებაზე გამოსულ ფეხბურთელთა შორის.

ორი მატჩის ჯამში “მონაკომ” 6:3 დაამარცხა მეტოქე. სხვათა შორის, “თავადებმა” წინა ეტაპზე, “სიტისაც” ორ შეხვედრაში 6 ბურთი გაუტანეს. მოკლედ, მონტე კარლოში ლაღად ბურთაობენ და ნახევარფინალიც ლოგიკურია.

“მონაკო” – “დორტმუნდი” 3:1 (2:0) VIDEO

მონაკო, “ლუი II”

მაყურებელი: 17 135

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი; ბერნარდო სილვა (რაჯი 90), მოუტინიო, ბაკაიოკო, ლემარი; მბაპე (ჟერმენი 81), ფალკაო (დირარი 67)

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, გუერეირო (პულიშიჩი 72); ვეიგლი; დურმი (დემბელე 27), კაგავა, შაჰინი (შმელცერი 46), როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 მბაპე (3), 2:0 ფალკაო (17), 2:1 როისი (48), 3:1 ჟერმენი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 12 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.310795