ფეხბურთი

22:22 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: საჩემპიონო ბრძოლა გაცოცხლდა

პრემიერლიგის 33-ე ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ჩელსი” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა და სოლიდური ჰანდიკაპისგან, რომელიც რამდენიმე ტურის წინ გააჩნდა, ბევრი აღარაფერი დარჩა - “არისტოკრატები” თანაქალაქელ “ტოტენჰემს” 4 ქულითღა უსწრებენ.

ჟოზე მოურინიომ მეტოქეს ძალიან საინტერესო ტაქტიკა და შემადგენლობა შესთავაზა, რამაც 100%-ით გაამართლა და “წითელმა ეშმაკებმა” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უკეთესები იყვნენ და მოწინააღმდეგე აშკარად დაჯაბნეს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ლონდონელებს დავიდ დე ხეას კარში ზუსტად არ დაურტყამთ.

ანგარიში შეხვედრის დებიუტში მე-7 წუთზე გაიხსნა: ანდერ ერერას შესანიშნავი გადაცემით მარკუს რეშფორდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში მსაჯი აშკარად შეცდა, რადგან შეტევის დასაწყისში ნემანია მატიჩის გადაცემა ანდერ ერერამ ბურთი ხელით ჩაჭრა და ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. შესაბამისად, ეს შედეგიანი შეტევა აღარ შედგებოდა.

გაშვებული გოლის შემდეგ “ჩელსიმ” გადაწყობა ვერ მოახერხა და შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. პირიქით, თუ ვინმეს გოლის გატანა შეეძლო ეს “მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ და ტაიმის მიწურულს გარი კეჰილმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა.

საწყისი 45 წუთის მსგავსად, “მანჩესტერისთვის” მეორე ნახევარიც დიდებულად დაიწყო და 49-ე წუთზე ანდერ ერერამ სხვაობა გაზარდა. “ჩელსი” ვერც მეორე გაშვებულმა გოლმა მოიყვანს გონს. თითქოს, ლონდონელებს ჰქონდათ ნათამაშები ორიოდე დღის წინ და არა “იუნაიტედს”. ჟოზე მოურინიოს შეგირდები თავს ძალიან ჭკვიანურად იცავდნენ და მეტოქეს კონტრშეტევებით აწუხებდნენ, რამაც შედეგი კინაღამ გამოიღო და რამდენჯერმე მესამე ბურთის გატანაც შეეძლოთ - 2:0.

“იუნაიტედი” 60 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა “სიტიზე” (4 ქულით ჩამორჩება) ერთი თამაშით, ხოლო “ლივერპულზე” (6 ქულით ჩამორჩება) ორით ნაკლები აქვს ჩატარებული და ოთხეულში შესვლა ნამდვილად შეუძლიათ.

"ჩელსის" სასარგებლოდ ის უნდა ითქვას, რომ ძლიერ გუნდებთან სათამაშო ფაქტობრივად აღარ აქვს. ლონდონელებს დარჩენილი მატჩებიდან ყველაზე რთული დაპირისპირება "ევერტონთან" გასვლაზე აქვთ.

დღის მეორე მატჩი სწორედ “ლივერპულის” მონაწილეობით შედგა. მერსისაიდელებმა რობერტო ფირმინოს გოლით სტუმრად “ვესტ ბრომვიჩის” დამარცხება მოახერხეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს – 0:1.

ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 0:1 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, ბრანტი, დოუსონი, იაკობი (მაკკლინი 64), დ.ფლეტჩერი, ჩადლი (მორისონი 61), ფილიპსი, ლივერმორი, რობსონ-კანუ (რონდონი 64).
მწვრთნელი: ტონი პულისი

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, მატიპი, მილნერი, კლაინი, ლეივა, ვეინალდუმი, ჩანი, კოუტინიო (მორენო 92), ფირმინო, ორიჯი (სტარიჯი 82).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: ფირმინო (45+1)
გაფრთხილებები: ბრანტი, რობსონ-კანუ, ევანსი – ლეივა
მსაჯი: ჯონათან მოსი

მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი 2:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (3-5-2): დე ხეა, როხო, ბაილი, დარმიანი, ფელაინი, პოგბა, ერერა, ა.ვალენსია, იანგი (ფოსუ-მენსა 93), ლინგარდი (კერიკი 60), რეშფორდი (იბრაჰიმოვიჩი 83).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ჩელსი (3-4-2-1): ბეგოვიჩი, ზუმა (ლოფტუს-ჩიკი 83), ლუისი, კეჰილი, კანტე, მატიჩი (ვილიანი 66), მოზესი (ფაბრეგასი 54), აზპილიკუეტა, პედრო, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 რეშფორდი (7), 2:0 ერერა (49)
გაფრთხილებები: ერერა, როხო, იბრაჰიმოვიჩი – კოშტა, კეჰილი, ფაბრეგასი
მსაჯი: რობერტ მედლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123382