ავტოსპორტი

17:13 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას ისევ არ გაუმართლა, ბორკოვიჩმა გაიმარჯვა

TCR-ის საერთაშორისო სერიის ბაჰრეინის ეტაპი დათა ქაჯაიასთვის წარუმატებელი გამოდგა - ორივე რბოლაში მას ტექნიკამ უმტყუნა. სამაგიეროდ, იტალიურ-ქართულ გუნდ „GE-ფორსს“ მეორე გამარჯვება მოუპოვა სერბმა პილოტმა დუშან ბორკოვიჩმა. მან მეორე რბოლის დასაწყისშივე შეძლო დაწინაურება და ფინიშამდე ახლოს არავინ გაიკარა.

დათას მთელი რბოლის განმავლობაში მჭიდრო (კონტაქტურიც კი) პაექრობა ჰქონდა რამდენიმე მეტოქესთან, მათ შორის, სტეფანო კომინისთან, პეპე ორიოლასთან და ატილა ტაშისთან. ფინიშამდე 3 წუთით ადრე, დათამ როგორც იქნა, ჩამოიტოვა ისინი, მაგრამ სწორედ ამ დროს, მისი მანქანის უკან ბოლი გამოჩნდა, რაც ცუდის ნიშანი იყო. მართლაც, როცა ბორკოვიჩი ბოლო წრეზე წავიდა, ქაჯაია სწორედ მაშინ გაჩერდა. ამ დროს ის მეექვსე იყო. „ალფა რომეო ჯულიეტამ“ ძრავიდან გამოსული ზეთის გრძელი კვალი დატოვა...

ორი ეტაპის ოთხი რბოლის შემდეგ, კლასიფიკაციას სათავეში ფრანგი ჟან-კარლ ვერნეი (ფოლკსვაგენი) მოექცა, რომელმაც ბაჰრეინის რბოლები მესამე და მეოთხე ადგილზე დაასრულა. მას 52 ქულა აქვს და ერთი ქულით ჩამორჩება ბორკოვიჩი. 50 ქულა აქვს ბაჰრეინში პირველი რბოლის მომგებ იტალიელ რობერტო კოლჩაგოს. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი რუსთავის რბოლების გამარჯვებულები, ესპანელი პეპე ორიოლა (სეატი, 45 ქულა) და ქაჯაია არიან. სამწუხაროდ, დათამ ბაჰრეინში ვერცერთი რბოლა ვერ დაასრულა (ორივეჯერ ტექნიკამ უმტყუნა) ქულაც ვერ აიღო. მას ამჟამად 39 ქულა აქვს. ქართველს ერთი ქულით ჩამორჩება ფრანგი უგო ვალენტე (სეატი), ვინც ბაჰრეინის პირველი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მეორე რბოლაში კი მესამე ადგილს დასჯერდა.

ქაჯაიას მსგავსად, ბორკოვიჩმაც TCR-ში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. „ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ „რომეო ფერარის“ და „GE-ფორსის“ მექანიკოსების, რომლებმაც ასეთი კარგი მანქანა მომიმზადეს. გასულ სეზონში მოგების ბევრი შანსი მქონდა, მაგრამ შეცდომების გამო ისინი ხელიდან გავუშვი. დღეს კარგად ვისარგებლე იმით, რომ სტარტი წინა რიგიდან ავიღე. ვიცოდი, რომ თუ პირველი მოსახვევების ბრძოლებს გავუძლებდი, შემდეგ მხოლოდ რბოლის გაკონტროლება მომიწევდა. „ჰონდას“ მანქანებს ყოველტვის კარგი სტარტი აქვთ ხოლმე. მაგრამ ვიცოდი, წინ უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რომ მეტოქეებისთვის სლიპსტრიმით შეტევის საშუალება არ მიმეცა. ბედად, შეტევა მეხერხება! ძალიან მიხარია, რომ ბაჰრეინში, ფორმულა 1-ის თანმდევ რბოლაში გავიმარჯვე“, - განაცხადა ბორკოვიჩმა.

გუნდურ ჩათვლაში „GE-ფორსს“ 90 ქულა დაუგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მას „ლუკოილ კრაფტ-ბამბუმ“ გადაასწრო, რომელსაც სამმა პილოტმა 103 ქულა დაუგროვა. იტალიურ-ქართულ გუნდს ორი ქულით ჩამორჩება უნგრული „მირა“ (M1RA).

TCR-ის საერთაშორისო სერიის მესამე ეტაპს ბელგიის სპა-ფრანკორშანი 7 მაისს უმასპინძლებს.

ბაჰრეინი. რბოლა 2 (9 წრე)

  1. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჟულიეტა) 20:20.221
  2. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) +4.154
  3. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატ ლეონი) 4.861
  4. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 5.391
  5. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 5.690
  6. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატ ლეონი) 9.161
  7. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 14.967
  8. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 15.154
  9. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS 3 LMS) 15.261
  10. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 16.525
  11. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელ ასტრა) 17.494
  12. მიქაერლა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო ჯულიეტა) 18.224
  13. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 22.286
  14. დანკან ენდე (აშშ, სეატ ლეონი) 34.009
  15. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) DNF
  16. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) DNF

უსწრაფესი წრე: დუშან ბორკოვიჩი - 2:13.476 მე-2 წრე

0.291574