ავტოსპორტი

22:12 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

TCR-ბაჰრეინი: ქაჯაიას პირველ რბოლაში ტექნიკამ უმტყუნა

TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპს ბაჰრეინი მასპინძლობს, სადაც იმავდროულად, ფორმულა 1-ის მესამე ეტაპი იმართება. დათა ქაჯაიამ და „GE-ფორსმა“ სახირის ტრეკზეც კარგად დაიწყეს გამოსვლა, თუმცა პირველ რბოლაში ქართველ მრბოლს ტექნიკამ უმტყუნა - „ალფა რომეო ჯულიეტას“ მესამე წრეზე ამძრავი მექანიზმი დაუზიანდა.

კვალიფიკაციაში ქაჯაიას მეხუთე შედეგი ჰქონდა. თუმცა იმის გამო, რომ პოულ პოზიციის მომგებ სლოვაკ მატ’ო ჰომოლას „ოპელზე“ ძრავი გამოცვალეს, მან პირველიდან ბოლო პოზიციაზე გადაინაცვლა. დათას კვალიფიკაციის პირველ ნაწილში წინა საბურავი და საკიდარი დაუზიანდა, რის გამოც, საუკეთესო 12-ში მოხვედრა გაუჭირდა.

მაგრამ გუნდმა მეორე კვალიფიკაციისთვის მანქანის მომზადება შეძლო და დათამაც, იმის მიუხედავად, რომ რუსთავში მოპოვებული გამარჯვების გამო, მისი „ჯულიეტა“ 30-კილოგრამიანი ბალასტითაა დატვირთული, თავისი დრო საგრძნობლად გააუმჯობესა. ორი საუკეთესო დრო კი „ოპელ ასტრათი“ მოასპარეზე პილოტებმა - ჰომოლამ და ბელგიელმა პიერ-ივ კორტალსმა აჩვენეს. მათი ავტომობილის უპირატესობა მეტოქეებთან იმდენად დიდია, რომ ორგანიზატორებმა გუნდ „DG სპორტს“ ძრავის სრული სიმძლავრის მხოლოდ 95 პროცენტის გამოყენების უფლება მისცეს (სიმძლავრის ბალასტი).

კვალიფიკაციაზე მესამე და მეოთხე დროები ფრანგ უგო ვალენტეს (სეატ ლეონი) და რობერტო კოლჩაგოს (ჰონდა სივიკი) ჰქონდათ, რომლებსაც პირველი რბოლის სტარტზე, მეორე რიგი უნდა შეევსოთ, მაგრამ ჰომოლას უკან გადანაცვლების გამო, ვალენტემ მეორე პოზიციადაიკავა, ქაჯაია კი სტარტზე მეოთხე დადგა. კვალიფიკაციის შემდეგ დათამ განცხადა, რომ რბოლაში მისი მიზანი მეოთხე ადგილის შენარჩუნება იქნებოდა, რათა კლასიფიკაციაში თავისი ქულათა მარაგი შეევსო. „GE-ფორსის“ სერბმა პილოტმა დუშან ბორკოვიჩმა მეცხრე დრო აჩვენა და შესაბამისად, სტარტზე მერვე დადგა, მიქაერლა ჩერუტის კი მე-15 დრო ჰქონდა.

პირველი რბოლა დღესვე, ფორმულა 1-ის კვალიფიკაციის დაწყებამდე გაიმართა. დათამ სტარტი დააგვიანა, რის გამოც მას ბრიტანელმა ჯეიმს ნაშმა და ფრანგმა ჟან-კარლ ვერნეიმ გაასწრეს. მაგრამ ქართველმა მრბოლმა მესამე მოსახვევშივე ჩამოიტოვა ნაში და ვერნეისაც შეუტია, რომელმაც ორი წრის შემდეგ, ზეწოლას ვერ გაუძლო და დატრიალდა. დათამ ისევ „თავის“ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

პელოტონის სათავეში კი სტარტზევე მოხდა გადაადგილება - კოლჩაგომ შესანიშნავი სტარტი აიღო და კორტალსიც და ვალენტეც პირველ მოსახვევამდე ჩამოიტოვა. აქედან მოყოლებული, ბელგიელს წინ არავინ გაუშვია. კარგი სტარტი აიღო ბორკოვიჩმაც, რომელიც პირველი წრის ბოლოს, ვერნეის ედგა კვალში, ეს კი თავის მხრივ, ნაშს უტევდა. ქაჯაიამ მოწინავეთა ჯგუფში გადაინაცვლა. მეორე წრის პირველივე მოსახვევში, ბორკოვიჩმა ნაშიც და ვერნეიც ერთი მანევრით ჩამოიტოვა. სამწუხაროდ, დათას მეორე წრის ბოლოს დაუზიანდა მანქანა და რბოლას გამოეთიშა. მანამდე კი უსწრაფესი წრე დააფიქსირა, რომელიც ფინიშამდე ვერავინ გააუმჯობესა.

მეორე რბოლა კვირას, ჩვენი დროით 14:00-ზე დაიწყება. მის სტარტზე წინა რიგში უნგრელი ფერენც ფიჩა (სეატ ლეონი) და ბორკოვიჩი დადგებიან. ქაჯაიას რევერსის წესის გამო, რბოლის დაწყება მე-6 პოზიციიდან მოუწევს.

ბაჰრეინი. რბოლა 1 (9 წრე)

  1. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა სივიკი) 20:15.241
  2. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატ ლეონი) +5.502
  3. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენ გოლფი) 7.637
  4. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო ჟულიეტა) 8.763
  5. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელ ასტრა) 9.661
  6. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 9.912
  7. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 11.284
  8. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი RS 3 LMS) 11.581
  9. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 12.200
  10. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენ გოლფი) 19.061
  11. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატ ლეონი) 20.396
  12. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა სივიკი) 21.870
  13. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელ ასტრა) 21.918
  14. მიქაერლა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო ჯულიეტა) 24.481
  15. დანკან ენდ (აშშ, სეატ ლეონი) DNF
  16. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო ჯულიეტა) DNF

უსწრაფესი წრე: დავით ქაჯაია - 2:13.635 მე-2 წრე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149975