ფეხბურთი

19:50 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე!

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა - ერთი ხელის გაწვდენაზე. მართალია, ქართველებმა მეინ რაუნდის საკუთარ ჯგუფში პირველობა ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორე ადგილი ირგუნეს, რაც პლეი-ოფის საგზურს იძლეოდა. ახლა კი, ორმატჩიან დუელში გადაწყდება ითამაშებს თუ არა, საქართველოს ფუტსალის ნაკრები თავის ისტორიაში პირველად ბებერი კონტინენტის ფინალურ ეტაპზე.

აქვე გეტყვით, რომ საპლეიოფო მატჩები მიმდინარე წლის 24 და 27 სექტემბერს გაიმართება - სახლში-სტუმრად თამაშის პრინციპით. თუ ვინ იქნება უდიდესი წარმატების გზაზე ბოლო დაბრკოლება, ამას წილისყრა გამოავლენს.

რაც შეეხება მეინ რაუნდის ბოლო ტურს - ერთი სიამოვენება იყო იმ ატმოსფეროს ხილვა, რაც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ხდებოდა, როდესაც შეხვედრისათვის განკუთვნილი 40 წუთი ამოიწურა. ეს უნდა გენახათ ან ნახოთ, რადგან სიტყვით ამის გადმოცემა, რთულია.

ჩვენდა ბედად, დასკვნით ტურში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საქართველოს ნაკრებს აწყობდა. იტალიის ნაკრებს უკვე განაღდებული ჰქონდა პირველი ადგილი და შესაბამისად, სატურნირო მოტივაცია არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ევროპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნაკრებმა მატჩი სათამაშო უპირატესობით წარმართა და პირველი ტაიმის შუაწელს, ორწუთიან ინტერვალში ორი გოლის გატანა მოახერხა. თითქოს, აქ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა ყურები არ ჩამოყარეს - ამან კი, შედეგი გამოიღო.

ჯერ იყო და ირაკლი თოდუასთან ორთაბრძოლისას, სტუმართა ფეხბურთელმა მარკო ერკოლესიმ ავტოგოლი მიითვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, უკვე მურთაზ კაკაბაძემ პირდაპირ აუტიდან დაარტყა, იტალიელთა კარის დარაჯმა დავიდე პუტანომ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და მანაც ავტოგოლი ჩაიწერა აქტივში - 2:2. ეს კი, უკვე ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გადიოდა ჯგუფში. წინ კიდევ 16 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიში შეინარჩუნა. ცალკე საუბრის თემაა ჩვენი კარის დარაჯის, ზვიად კუპატაძის ფანტასტიკური თამაში, რომელმაც არაერთხელ აშკარა გოლს გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა სამი ქულით. მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ ბელარუსისა და ჰოლანდიის ნაკრებები. სხვათა შორის, პლეი-ოფის საგზური საქართველოს არ დარჩებოდა, რომ არა მესამე ტურის პირველ მატჩში დაფიქსირებული საჩვენო ანგარიში: ბელარუსი ჰოლანდიასთან თავიდან 0:2, მერე კი, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე აგებდა, მაგრამ საბოლოოდ თამაში საყაიმო შედეგით, 3:3 დასრულდა.

ახლა, ევროპის ჩემპიონატამდე ორი მატჩი და ერთი მეტოქე გვაშორებს. ფინალური ეტაპი კი, სლოვენიაში დამდეგი წლის იანვარში გაიმართება.

იტალია - საქართველო 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 რომანო (09:55), 2:0 ბოავენტურა (11:06), 2:1 ერკოლესი (15:39), 2:2 პუტანო (24:19)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 22 (15) – 20 (5) კუთხურები: 11:3 გაფრთხილება: 2:3

ბელარუსი - ჰოლანდია 3:3 (2:3)

გოლები: 0:1 ატაიბი (07:30), 0:2 ბუიუზანი (11:08), 1:1 სილივონჩიკი (12:45), 2:2 ჟიგალკო (13:28), 2:3 ჯუსტი (15:26), 3:3 კრიკუნი (28:19)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 22 (11) კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.33181