ფეხბურთი

2:30 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალი” თანაქალაქელთან შერცხვა

პრემიერლიგის 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “შელჰარსტ პარკზე” გაიმართა, სადაც გათამაშებაში დარჩენისთვის მებრძოლი “კრისტალ პალასი” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელს, თანაქალაქელ “არსენალს” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“მეთოფეებს” ორივე წამყვანი მეკარე პეტრ ჩეხი და დავიდ ოსპინა ტრავმირებული ჰყავთ და კარის დაცვა მესამე კიპერს, არგენტინელ დამიან მარტინესს მოუწია, რომლის სინდისზეც მესამე გაშვებული ბურთია. სტუმრებს მეკარეების გარდა, ლორან კოშელნიც აკლდათ, თუმცა ეს თავის სამართლებლად არ გამოადგებათ, რადგანაც მასპინძლებსაც რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლდათ.

მთელი შეხვედრის განმალობაში ბურთს გაცილებით დიდხანს სტუმრები ფლობდნენ, თუმცა უფრო მწვავედ “არწივები” უტევდნენ და ეს საბოლოოდ ტაბლოზე აისახა. მასპინძლებმა ტაიმი თაუნსენდის გოლით მოიგეს, რომელმაც მე-17 წუთზე ახლო მანძილიდან მშვენიერი კომბინაცია დააგვირგვინა.

საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არსენ ვენგერმა, შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე აარონ რემსის და ოლივიე ჟირუს უხმო, თუმცა “მეთოფეებს” შეტევაში ღირებული არაფერი გაუკეთებიათ და ორი ბურთი აქეთ გაუშვეს. 63-ე წუთზე იოჰან კაბაიემ ძალიან ლამაზი გოლით სხვაობა გაზარდა, ხოლო ოთხ წუთში გამოსვლაზე მარტინესმა ძალიან ცუდად ითამაშა, ანდროს თაუნსენდი წააქცია და პენალტი აიკიდა, რომელიც მილივოიევიჩმა ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე სტუმართათვის სამარცხვინო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

“კრისტალ პალასი” 34 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ “სუონსის” უკვე 6 ქულით უსწრებს, ხოლო “არსენალი” 54 ქულით მე-6 საფეხურზე დარჩა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უკვე ძალიან გაუჭირდება.

კრისტალ პალასი – არსენალი 3:0 (1:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, სახო, კელი, უარდი, შლუპი, კაბაიე (მაკარტური 74), მილივოიევიჩი (ფლამინი 82), ზაჰა (დელანი 88), პანჩონი, თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

არსენალი (4-2-3-1): მარტინესი, პაულისტა, მუსტაფი, მონრეალი, ბელერინი, ელნენი (რემსი 59), ჯაკა, ოზილი, უოლკოტი (ჩემბერლენი 69), უელბეკი (ჟირუ 60), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 თაუნსენდი (17), 2:0 კაბაიე (63), 3:0 მილივოიევიჩი (68 პენ.)
გაფრთხილებები: მუსტაფი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142491