ავტოსპორტი

1:09 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინში მესამე „ჯულიეტათი“ მიქაელა ჩერუტი იასპარეზებს

TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპზე, რომელიც ფორმულა 1-ის თანმდევად, ბაჰრეინში გაიმართება, „GE-ფორსის“ მესამე „ალფა რომეო ჯულიეტათი“ მიქაელა ჩერუტი იასპარეზებს. ის გასულ სეზონში „რომეო ფერარის-ის“ გუნდში ასპარეზობდა და დიდი როლი შეასრულა ავტომობილის სრულყოფის პროცესში. ახლა კი სურს, რომ თავისი შრომის შედეგი თავადაც გამოსცადოს.

ბაჰრეინში ჩერუტი იმ მანქანით გამოვა, რომლითაც რუსთავში შოთა აფხაზავამ იასპარეზა. ის პარტნიორობას დათა ქაჯაიას და დუშან ბორკოვიჩს გაუწევს. ჩერუტიმ ამ მანქანით მიმდინარე სეზონში, TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიის დუბაის ეტაპზე იასპარეზა და ორივე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. მეორე ეტაპზე (აბუ დაბიში) ის ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც ასევე ორი მეორე ადგილი დაიკავა.

ჩერუტი რუსთავის რბოლას ბოქსებიდან ადევნებდა თვალს და ქაჯაიას გამარჯვების შემდეგ, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებდა. „უზარმაზარი სიამოვნება მივიღე იმის მიუხედავად, რომ რბოლაში არ ვმონაწილეობდი. ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა გამარჯვებას განსხვავებულ როლში ვზეიმობდი. „ჯულიეტა“ ჩემი შვილივითაა. მე მის შექმნასა და გაზრდაში მონაწილეობა მივიღე და მე ვმართავდი, როცა ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდით“, - განაცხადა იტალიელმა მრბოლმა.

„დუბაიში ჩემი კვარცხლბეკის და რუსთავში დავითის და დუშანის კარგი გამოსვლის შემდეგ, მოუთმენლად ველი მომენტს, როცა თავადაც საჭეს მივუჯდები. ეს ჩემი ერთჯერადი გამოსვლა იქნება. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს ქულები შევძინო“, - დასძენს ჩერუტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123971