სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

15:53 | 10.04.2017 | ნანახია 7945 - ჯერ

გავიცნოთ "სპაერი" - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კლუბი
ლევან ჩხაიძე: "არსად არ გვეჩქარება, განვითარება გვსურს"

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში არაერთი გუნდი გამოჩნდა და მათ შორისაა "სპაერიც". სახელი გეუცნაურათ? ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სსდს) მიერ შექმნილი კლუბი და სახელიც მეტყველებს: სპა და ერი.

კლუბი, ბუნებრივია, ნულიდან იწყებს, ანუ საქართველოს ჩემპიონატის ღია ლიგაში. ეს რანგით მეხუთე ლიგაა, 9 გუნდი გამოდის და ორნი გადავლენ რანგით მეოთხე ლიგაში. "სპაერმა" სამი მატჩი ჩაატარა და 7 ქულა აიღო: "ალგეთი2"-ს 3:0, "მარკ სტარსს" კი 2:0 მოუგო,ხოლო გასულ ტურში "თბილისთან" 3:3 ითამაშა.

"სპაერის" მთავარი მწვრთნელი კახა მაისურაძეა, ხოლო თანაშემწე - ლევან ჩხაიძე.

კლუბის ამბებზე ჩხაიძე გვესაუბრა. ლევანი ბავშვთა ფეხბურთში მუშაობდა, მათ შორის, "საბურთალოსა" და "დინამოს აკადემიაში". ის ლანჩხუთის "გურიას" ლეგენდარული კაპიტნის, თემურ ჩხაიძის ვაჟი გახლავთ:

როგორ შეიქმნა კლუბი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სსდს) თანამშრომლები, რომლებსაც ფეხბურთისთვის თავი ახალი დანებებული ჰქონდათ, სამოყვარულო ლიგასა და ბიზნეს ლიგაში საკმაოდ წარმატებულად თამაშობდნენ. ამ დროის განმავლობაში, გუნდს სათავეში ედგა მწვრთნელი კახა მაისურაძე, რომელიც 20 წლის განმავლობაში ამ სამსახურის თანამშრომელია. დაახლოებით 8 თვის წინ მეც ამ სამსახურში დავიწყე მუშაობა. შემდეგ ერთობლივად ანზორ ჩუბინიძის (სსდს-ის ხელმძღვანელი) თაოსნობით გადაწყდა კლუბის ჩამოყალიბება.

დაფინანსება: კლუბს ჰყავს ხუთი დამფუძნებელი და მათ შორის, მე და კახა მაისურაძეც ვართ. დაფინანსება ხდება შიდა თანხით. ამ კლუბში უმეტესად სსდს-ის თანამშრომლები არიან და მათ თავიანთ სამსახურში ხელფასები აქვთ. შიდა რესურსით, რომელიც სპორტის განვითარებისთვის არის განკუთვნილი, შევიძინეთ ინვენტარი. სპორტულ ეკიპირებაში დახმარება სპორტულმა ფირმა "სალერმა" გაგვიწია. კიდევ, რამდენიმე პიროვნება გვეხმარება, რათა დამატებულ ორ-სამ ფეხბურთელს გადავუხადოთ ხელფასები.

სტადიონის შესახებ: უმაღლესი ხარისხის სტადიონი კეთდება, მანამდე კი საშინაო მატჩებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვატარებთ. ახალი სტადიონი სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე იქნება. იქ უკვე ფუნქციონირებს სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელი თავისი საშხაპეებით, სასადილო, მინი-სტადიონი ხელოვნური საფარით. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და უპირველესად, სურვილი გვაქვს, რომ ეს კლუბი არ იყოს ერთჯერადი, რისი შემთხვევებიც საქართველოში ხშირია. ამიტომ ვცდილობთ, ინფრასტრუქტურა და პირობები იყოს ზომიერი, დალაგებული...

რით არის "სპაერი" ფეხბურთელებისთვის საინტერესო: ალბათ საინტერესო გახდა იმით, რომ საფეხბურთო პირობები სწორად არის დალაგებული. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათია კლუბი, ამ თვალსაზრისით დალხენილი რომ იყოს. დიდი მიზნები გვაქვს და ფეხბურთელები თავადაც ხვდებიან, რომ ეს ერთჯერადად გაკეთებული კლუბი არაა. მთავარი პლუსი? გათვლილია თითოეული ნიუანსი, რაც ფეხბურთს სჭირდება. უახლოეს მომავალში ვაპირებთ 16 წლამდე გუნდის გაკეთებას, რათა პირველი გუნდი დროთა განმავლობაში შევავსოთ ფეხბურთელებით.

სამომავლო გეგმები: საინტერესო მომავალი გველის. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. აქცენტი კეთდება განვითარებაზე და მყარი კლუბის ჩამოყალიბებაზე. უმთავრესი რაც არის, მთლიანი სამსახური ჩართულია და გაერთიანებულია ამ კლუბის და ზოგადად სპორტის განვითარების კუთხით. ჩემი შეხედულებით, დიდი საქმეა და მისაბაძია ანზორ ჩუბინიძის და მთლიანი სამსახურის მიდგომა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077312