ფეხბურთი

3:15 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკოს” საჩუქარი “ბარსელონამ” ვერ შეირგო

ლა ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუხვდა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ტაბლოზე ამის ასახვა ვერ მოახერხეს. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა ცოტა დაბალ ტემპში წარიმართა და დიდად ბევრი მომენტიც არ ჰქონიათ გუნდებს, რაც შეიძლება შუა კვირაში გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩებს დავაბრალოთ.

“ბლანკოსს” პირველ ნახევარში გოლის გატანის ორი ძალიან რეალური ჰქონდა: 28-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს და ქარიმ ბენზემას მიერ გათამაშებული “კედელი” ფრანგი ფორვარდის დარტყმით დასრულდა, მაგრამ იან ობლაკმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სამ წუთში კი, რონალდუს დარტყმის შემდეგ, სტეფან სავიჩმა ბურთი ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა. სტუმრებს ასეთი სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ, მათგან ყველაზე სახიფათოდ ანტუან გრიზმანი დაემუქრა კეილორ ნავასის კარს, მაგრამ კოსტა-რიკელ კიპერს შორეული დარტყმის მოგერიება დიდად არ გასჭირვებია.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა შეტევებით დაიწყო – 47-ე წუთზე რონალდუს თავური ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა, ორ წუთში ბენზემას კვლავ ობლაკმა აჯობა, ხოლო კიდევ სამ წუთში ანგარიში გაიხსნა: ტონი კროოსმა სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას პეპემ აჯობა და თავური დარტყმით “რეალი” დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდგომ, სტუმრებმა შეტევისთვის მოიცალეს და მე-60 წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ: კარასკოს ჩინებული გადაცემით ფერნანდო ტორესი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ კეილორ ნავასს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი გამოიყენა ანტუან გრიზმანმა, რომელმაც ანხელ კორეას ჩინებული გადაცემა შეირგო და 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში სახიფათო მომენტი გუნდებს აღარ ჰქონიათ და შესაბამისად ანგარიში უცვლელი დარჩა – 1:1.

“ატლეტიკოს” ბრწყინვალე საჩუქარი ვერ შეირგო “ბარსელონამ”, რომელიც მოულოდნელად გასვლაზე “მალაგასთან” დამარცხდა და იმის მაგივრად, რომ “რეალს” ქულებით გათანაბრებოდა, კიდევ უფრო ჩამორჩა და ორი ქულის ნაცვლად, სხვაობა უკვე სამი ქულაა (თანაც “რეალს” 1 მატჩი თადარიგში აქვს).

“ბარსელონამ” საკმაოდ სუსტი შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთიც მეტად ეჭირა, მწვავედ თითქმის ვერ უტევდა. მასპინძლები კი, ძალიან ჭკვიანურად იცავდნენ თავს და მშვენიერი კონტრშეტევებით გადიოდნენ ფონს, რამაც მათთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

სტუმრებს პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი 100%-იანი მომენტი შეექმნათ – მე-16 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლუის სუარესმა კარლოს კამენის ვერ აჯობა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი ჩინებულად გამოიყენა სანდრო რამირესმა, რომელიც ხუან კარლოსის დიდებული გადაცემით ტერ შტეგენთან პირისპირ აღმოჩნდა და ყოფილი გუნდის კარში გოლი გაიტანა და მან მუნირ ელ ჰადადისგან განსხვავებით, გატანილი ბურთი აღნიშნა კიდეც.

სტუმრებს მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაუჭირდათ, რადგან აგებდნენ და მთელი ძალებით წინ წავიდნენ, მაგრამ “მალაგა” თავს ჩინებულად იცავდა და კონტრშეტევებსაც უფრო თავისუფლად ახორციელებდა. 57-ე წუთზე ხუანპის ცოტათი უკეთ რომ დაერტყა, სხვაობა გაიზრდებოდა, მაგრამ ვენესუელელ ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა. 65-ე წუთზე კი, კატალონიელთა მდგომაორება ძალიან დამძიმდა, რადგან ნეიმარმა დიეგო ლორენტეს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ “ბარსელონას” კიდევ უფრო გაუჭირდა და 71-ე წუთზე კიდევ ერთი ბურთი მიიღო საკუთარ კარში, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა არ არსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და პენარანდას გოლი გააუქმა. მსაჯი მალე “ბარსელონას” საზიანოდაც შეცდა, რადგან სერხი რობერტო ლუის ერნანდესმა საჯარიმოში წააქცია, მაგრამ ხესუს ხილ მანსანომ ჯარიმა დანიშნა, რომელიც მესიმ უხეიროდ შეასრულა. საბოოლოდ, “მედუზების” მწვავე კონტრშეტევებმა შედეგი კიდევ ერთხელ 90-ე წუთზე გამოიღო და ცვლილებაზე შემოსულმა ხონიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. “მალაგამ” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას 11 ქულით მოცილდა.

“სევილია” საკუთარ მოედანზე “დეპორტივოს” დაუხვდა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. შეხვედრა ძალიან მხიარული და კარგი სანახავი გამოდგა. მასპინძლები პირველივე წუთზე სტევან იოვეტიჩმა დააწინაურა, მე-4 წუთზე კი გაელ კაკუტამ წონასწორობა აღადგინა. მე-9 წუთზე პაბლო სარაბიამ ახლო მანძილიდან მეორედ დააწინაურა ანდალუსიური კლუბი, მაგრამ 25-ე წუთზე კაკუტამ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და დუბლი გაიფორმა. ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს: 32-ე წუთზე ხოაკინ კორეამ ხერმან ლუქსს თავური დარტყმით გაუტანა.

“დალაქები” მეორე ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ 89-ე წუთზე შეძლეს – ვისამ ბენ იედერმა ახლო მანძილიდან ეფექტური ბურთი შეაგდო და ანდალუსიელებმა გამარჯვების გემო გაიხსენეს – 4:2. “სევილიას” 61 ქულა აქვს და მე-3 ადგილოსან “ატლეტიკოს” 1 ქულით ჩამორჩება.

დღის გახსნით მატჩში კი, “ესპანიოლმა” “კორნელია ელ პრატზე” “ალავესი” მიიღო და პაბლო პიატის გატანილი გოლით დაამარცხა – 1:0.

ესპანიოლი – ალავესი 1:0 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, ხ.ლოპესი, კარისოლი, ვ.სანჩესი, როკა (დიოპი 85), ხურადო, პიატი (ჰ.პერესი 75), ხ.მორენო, კაისედო (ბაპტიშტაო 57).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ალავესი (5-4-1): პაჩეკო, ელი (ვიგარაი 67), ფედალი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, კიკო (რომერო 67), მ.ლორენტე, მ.გარსია, კამარასა, მენდეში (იბაი 80), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლი: პიატი (56)
გაფრთხილებები: ხ.ლოპესი, დიეგო ლოპესი, ვ.სანჩესი – მენდეში, ფედალი, ლაგუარდია
მსაჯი: მელერო ლოპესი

რეალი – ატლეტიკო 1:1 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე (ნაჩო 67), რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, კროოსი (ისკო 76), მოდრიჩი, ბეილი (ლ.ვაზკესი 81), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, საული (ა.კორეა 62), კოკე, კარასკო (ხიმენესი 88), ფ.ტორესი (ტეიე 78), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 პეპე (52), 1:1 გრიზმანი (85)
გაფრთხილებები: კასემირო, კარვახალი – საული, გოდინი, კოკე
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

სევილი – დეპორტივო

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რამი, მერკადო, პარეხა, მარიანო, ესკუდერო, ნ’ზონზი (იბორა 74), კრანევიტერი, სარაბია, ფ.ვაზკესი (ლენგლეტი 76), ხ.კორეა (ბენ იედერი 65), იოვეტიჩი.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ლუისინიო, ხუანფრანი (ლაურე 12), ბორგესი, გილერმე, ჩოლაკი (ანდონე 73), მ.მორენო (ო.ჯონი 58), კაკუტა, ხოსელუ.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 იოვეტიჩი (1), 1:1, 2:2 კაკუტა (4; 25), 2:1 სარაბია (9), 3:2 ხ.კორეა (32), 4:2 ბენ იედერი (89)
გაფრთხილებები: ესკუდერო, კრანევიტერი, იოვეტიჩი – ლუისინიო, არიბასი, ხოსელუ
მსაჯი: ხაიმე ლატრე

მალაგა – ბარსელონა 2:0 (1:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი, დ.ლორენტე, რიკა, როსალესი, რესიო, კამაჩო, ხ.კარლოსი (ხონი 83), ხუანპი (პენარანდა 67), ფორნალსი, ს.რამირესი (ჩარლესი 77).
მწვრთნელი: მიჩელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე (რობერტო 46), უმტიტი, ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი, დ.სუარესი (ინიესტა 46), გომეში (ალკასერი 61), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ს.რამირესი (32), 2:0 ხონი (90)
გაფრთხილებები: რიკა, რესიო, პენარანდა, ხ.კარლოსი – ალბა, ნეიმარი, უმტიტი, მასკერანო
გაძევება: ნეიმარი (65)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142974