ფეხბურთი

22:42 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: მერებაშვილის საგოლე, კაშიას მორიგი მოგება, მჭედლიძის დაბრუნება

გურამ კაშიას "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონში ზედიზედ მესამედ მოიგო. ამჯერად, "ჰერენვენთან" 4:2. კაშიამ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა. ჩემპიონატში კაშიას გუნდს, დიდი ალბათობით, ნახევარფინალურ ფლეიოფში თამაში მოუწევს, რათა ევროპის ლიგაზე გავიდეს. თუმცა სეზონის მატჩი არნემელებს 30 აპრილს ელით: თასის ფინალი "ალკმაართან".

ლევან მჭედლიძემ ბოლო შვიდი წუთი ითამაშა "ემპოლი"-"პესკარას" შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ მოკლე დროში რაიმეს მოსწრება რთული იყო. მთავარია, ლევანი სათამაშოდ ისევ მზადაა და ალბათ, მომდევნო შეხვედრაში მეტი დრო დაეთმობა.

გოორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატში დიდი ანგარიშით წააგო: სტუმრად "რიდთან" 0:3. ქვილითაია შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე, როცა ტაბლოზე ჯერ ნულები ენთო.

პოლონეთში "პოგონმა" 5:1 აჯობა "არკას". გამარჯვებულთა შორის მათე ცინცაძე არ გამოჩენილა (სათადარიგო იყო), ხოლო "არკას" შემტევმა ლუკა ზარანდიამ 65-ე წუთიდან ითამაშა.

ქართველთა დაპირისპირება შედგა "ლეჩნა"-"პლოცკის" მატჩში (2:3). მასპინძელთა შორის ნიკა ძალამიძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი მერებაშვილი თავიდან ბოლომდე გაისარჯა და 85-ე წუთზე საგოლე პასიც მიითვალა: სწორედ ამ გოლით მოიგეს პლოცკელებმა.

რუსეთის პრემიერლიგაში გიორგი ლორიას "კრილიამ" შინ 2:2 ითამაშა "ამკართან". ცუდად არ უთამაშია ლორიას, ორი რთული ბურთიც მოიგერია.

დანიაში "ვიბორგმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ოლბორგს", თუმცა მათე ვაწაძეს არ უთამაშია: სათადარიგოებში იყო.

მერამდენედ არ უმართლებს ჯაბა კანკავას "რეიმსს". შინ 1:1 ითამაშეს "სტრასბურთან", ბოლო წუთზე კი პენალტი გააცუდეს. კანკავამ 90 წუთი დაჰყო მინდორზე. ჯაბას გუნდი მეხუთე პოზიციაზეა, ლიგა1-ში კი ორი გუნდი ავტომატურად გადადის და მესამე ფლეი-ოფს ითამაშებს.

შვედეთის უმაღლეს ლიგაშიც გვყავს საქომაგო გუნდი. ზურაბ ცისკარიძე ლიგის დებიუტანტ "ესკილსტუნაში" გადავიდა. მან "იორებროსთან" (2:2) შეცვლაზე ითამაშა, 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113312