ფეხბურთი

2:24 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვილიარეალმა” კონკურენტი დაამარცხა

ლა ლიგის 31-ე ტურის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ვილიარეალი” მასზე ერთი საფეხურით დაბლა მყოფ “ბილბაოს” დაუხვდა და ბასკეთში უქულოდ გაისტუმრა.

შეხვედრა საკმაოდ უხეში, დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა საკუთარი შანსები უკეთ გამოიყენეს და 3 ქულა მათ დარჩათ. შეხვედრის მთავარ არბიტრს ტრახილიო სუარესს კი, გუნდებისთვის 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუწია.

“ყვითელი წყალქვეშა ნავებისთვის” მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და მე-17 წუთზე დაწინაურდნენ: “ბილბაოს” საჯარიმოში დიდი არეულობა იყო, რითაც შეტევაში ჩართულმა ვიქტორ რუისმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მასპინძელთა სიხარულმა ორიოდე წუთს გასტანა, ამჯერად უკვე სტუმართა ცენტრალურმა მცველმა აიმერიკ ლაპორტემ მოახერხა გოლის გატანა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

“ვილიარეალისთვის” მეორე ტაიმიც მშვენივრად დაიწყო – რობერტო სორიანოს დიდებული გადაცემით, სედრიკ ბაკამბუ მეკარესთან პირისპირ დარჩა და 47-ე წუთზე ვალენსიელები მეორედ დაწინაურდნენ. ათიოდე წუთში კი, მესამე გოლიც გაიტანეს: ტრიგეროსმა სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ვიქტორ რუისმა აჯობა და ცარიელ კართან მდგომ ადრიანს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც თავით შეაგდო ბურთი. გოლის გატანის და საგოლე გადაცემის გაკეთების გარდა, ვიქტორ რუისმა სხვა რამეც მოასწო: 74-ე წუთზე ინიაკი უილიამსს ფეხებში უკნიდან უხეშად ჩაუვარდა და ტრახილიო სუარესმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ბასკებს დაახლოებით 20 წუთი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ბევრი ვერაფრის გაკეთება მოახერხეს და ანგარიში უცვლელი დარჩა – 3:1.

“ვილიარეალი” 54 ქულით მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ “სევილიას” 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარს “ბილბაოს” ამდენივე ქულით უსწრებს.

ვილიარეალი – ბილბაო 3:1 (1:1)

ვილიარეალი, “ესტადიო დე ლა კერამიკა”

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, მუსაჩიო, რუისი, გასპარი, კოსტა, ბ.სორიანო, ტრიგეროსი, რ.სორიანო, კასტილიეხო (ადრიანი 37), ბაკამბუ (სანსონე 72), სოლდადო (ალვარო 72).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ი.ალვარესი, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი (იტურასპე 58), სან ხოსე, ლეკუე (მუნიაინი 59), რ.გარსია, უილიამსი (სუსაეტა 81), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 რუისი (17), 1:1 ლაპორტე (20), 2:1 ბაკამბუ (47), 3:1 ადრიანი (58)
გაფრთხილებები: ბაკამბუ, რ.სორიანო, გასპარი, ბ.სორიანო, ა.ფერნანდესი, სანსონე – ბენიატი, ლაპორტე, ირაისოსი (სათადარიგო სკამიდან)
გაძევება: რუისი (74)
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

თეგებილა ლიგა
0.129873